რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2018

რუსეთმა არჩევნებზე ევროპული სადამკვირვებლო პლატფორმა "არასასურველად" გამოაცხადა

EPDE

2018 წლის 13 მარტს, რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისთვის (EPDE) „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა.

პლატფორმის წევრი საქართველოდან სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაა. 

EPDE და მისი წევრი 15 ორგანიზაცია რუსეთის ხელისუფლების ქმედებას აპროტესტებს. EPDE-ს საბჭოს წევრმა, შტეფანი შიფერმა განაცხადა:

„ჩვენ ვაპროტესტებთ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადების ფაქტს და ჩვენი საქმიანობის დისკრედიტაციას და მოვითხოვთ, ამ ბრალდების დაუყოვნებლივ უკან წაღებას რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ“. 

რუსეთის ფედერაციის აღნიშნული გადაწყვეტილება გერმანიის ფედერალური მთავრობის ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული დახმარების კომისარმა, ბარბელ კოფლერმაგააკრიტიკა:

„შეძრწუნებული ვარ EPDE-ის არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადების გამო. მოვუწოდებ რუსეთის მთავრობას, გააბათილოს ეს გადაწყვეტილება“.  

აღსანიშნავია, რომ არაერთი წელია რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ზეწოლისა და მუდმივი დევნის მსხვერპლია EPDE-ის წევრი სადამკვირვებლო ორგანიზაცია “გოლოსი” და მისი აქტივისტები.

„არასასურველი ორგანიზაციების შესახებ“ კანონი, რომელიც რუსეთში 2015 წლიდან მოქმედებს, ცდილობს მოახდინოს დემოკრატიული მოძრაობების საქმიანობის კრიმინალიზება. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ორგანიზაციები საქმიანობას არ შეწყვეტენ, იქ დასაქმებულ ადამიანებს და მათ პარტნიორებს რუსეთში შესაძლოა 6 წლიანი პატიმრობა დაემუქროთ. ასევე, შესაძლებელია აეკრძალოთ რუსეთში შესვლა და მათ წინააღმდეგ გატარდეს არაერთი სხვა სანქცია. 

რუსეთის ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს იმართება.

კომენტარები