რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2018

სობჩაკი: მჯერა, რომ რუსეთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია

ქსენია სობჩაკი

CNN-თან ინტერვიუში ქსენია სობჩაკმა თქვა, რომ მისი აზრით აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსი ჰაკერების ჩარევა ნამდვილად მოხდა და ამის გამო წუხს.

"როგორც ჩანს, ჩვენ ნამდვილად გქვონდა რაღაც საქმე ამასთან [აშშ-ის არჩევნებთან] და თუ ეს მართლა ასეა მინდა ბოდიში მოვიხადო." "მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნის ჩარევა სხვა ქვეყნის საქმეებში." თქვა მან.

მან რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზეც ისაუბრა და კრემლთან კავშირი უარყო.

"მათ ეშინიათ ალექსეი ნავალნის. მათ იმდენად არ ეშინიათ ქერა გოგონასი ტელეგადაცემებიდან." "ტოტალიტარულ რეჟიმში, ეს არის ერთადერთი გზა. შეგიძლია სხვას აგრძნობინო, რომ შენი უგულებელყოფა შეუძლიათ, და შემდეგ გააკეთო შენი საქმე." თქვა მან.

ალექსეი ნავალნიმ რუსებს არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდა. მას საკუთარი კანდიდატურის დარეგისტრირების უფლება არ მისცეს. სობჩაკის აზრით ბოიკოტი გამოსავალი არ არის.

"ვიყოთ ლოგიკურები. ალექსეი ნავალნის სურდა არჩევნებში მონაწილეობის მიღება. თუ კრემლი მის კანდიდატურას მიიღებს, ეს ასევე პუტინის ლეგიტიმაცია არ იქნება? და მაშინ მოუწოდებს ხალხს ბოიკოტისაკენ? რა თქმა უნდა, არა. ის ეტყოდა ხალხს "წადით და ხმა მომეცით, ვაჩვენოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოგება არ შეგვიძლია, პუტინს მილიონობით მოწინააღმდეგე ჰყავს." თქვა მან ერთ-ერთი ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ქსენია სობჩაკმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება გასული წლის ოქტომბერში გააკეთა. ის რუსულ მედიასა და საზოგადოებაში ცნობილი ისეთი რეალითი შოუებით გახდა, როგორებიცაა "Dom-2", "უკანასკნელი გმირი" და "ქერა გოგო შოკოლადში."

ზოგიერთი მოსაზრებით სობჩაკის კანდიდატურა კრემლის კამპანიის ნაწილია, რათა საპრეზიდენტო არჩევნები ლეგიტიმურად წარმოაჩინოს და ოპოზიციის ხმები გაყოს. სექტემბერში გაზეთ Vedomosti-ში დაიწერა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია სობჩაკისათვის კანდიდატურის წამოყენების შეთავაზებას აპირებდა.

სობჩაკი კრემლთან კავშირს უარყოფს. მისი თქმით კანდიდატურის წამოყენებამდე პუტინს ინტერვიუსათვის შეხვდა, თუმცა ამ დროისათვის მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა კანდიდატურის წამოყენება და რომ პუტინი ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი არ ჩანდა.

კომენტარები