Check in Georgia

Check in Georgia-ს ფარგლებში მსოფლიო დონის ორი ვარსკვლავის კონცერტი იგეგმება

პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი
ტაბულა

ბიუჯეტით დაფინანსებული ფართომასშტაბიანი კონცერტების პროგრამა Check-in Georgia 2018 წელსაც გაგრძელდება. პროექტი ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა წარადგინა. 

წელს Check in Georgia-ს ბიუჯეტი 20 მლნ ლარს შეადგენს - ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიხარჯება იმ ღონისძიებებზე, რომლებშიც ქართველი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.

დაგეგმილი კონცერტებისა და ღონისძიებების ნუსხა ასეთია:

საქართველოს რამდენიმე რეგიონში კონცერტებს გამართავენ ანსამბლები: "სუხიშვილები", "ერისიონი" და "რუსთავი", ასევე თბილისის სახ. კამერული ორკესტრი. პროექტის ფარგლებში ჩატარდება საბალეტო ფესტივალი თბილისში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 4GB საგურამოში, ელექტრონული მუსიკა ანაკლიაში, მუსიკის ფესტივალი "ოფენ ეარ", "არტარეას" ეზოს ფესტივალი და ა.შ. იტალიის საელჩოსთან შეთანხმებით 2018 წელს ასევე დაგეგმილია სამი უმნიშვნელოვანესი გამოფენა, კერძოდ: "აღორძინების ეპოქის გრაფიკა" – ტურინის სამეფო მუზეუმის კუთვნილი 50-მდე გრაფიკული დიზაინის მქონე ნამუშევრის გამოფენა; "ტიციანი, ფერთა დიდოსტატი" და "ბერნინი და რომაული ბაროკო" – XVII საუკუნის 50 მნიშვნელოვანი ნამუშევრის გამოფენა.

ასევე, Check in Georgia 2018-ის ფარგლებში საქართველოში კონცერტებს გამართავენ საერთაშორისო რანგის ვარსკვლავები (მათი კონცერტების შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში გავრცელდება).

Check in Georgia მთავრობამ 2016 წელს დაიწყო, მაშინ პროექტი 28 მილიონი ლარით დაფინანსდა და მის ფარგლებში კონცერტები გამართეს Maroon 5-მა, რობი უილიამსმა, ეროს რამაზტომა და ხოსე კარერასმა.

პროექტი 2017 წელსაც გაგრძელდა, თუმცა მასში ცვლილება შევიდა და კერძო სპონსორების წილი არტისტების ჩამოყვანაში გაიზარდა. 2017-ში კონცერტი გამართა Aerosmith-მა, ასევე დაფინანსდა Gem Fest-ი, სადაც DJ-ეების ჰონრორარები ბიუჯეტმა დაფარა. მათ შორის  Axwell & Ingrosso, Martin Garrix, Steve Aoki და სხვები.

კომენტარები