უკრაინა

უკრაინაში რუსეთის ხელშეწყობისთვის ბრალდებულებს, მათ შორის ჟურნალისტებს ჩხრეკენ

Unian

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის მასშტაბით იმ ადამიანებს ჩხრეკს, რომლებიც, მათი ინფორმაციით, რუსეთს ანტი-უკრაინული აქციების ჩატარებაში ხელს უწყობდნენ. მათ შორის ჟურნალისტებიც არიან. 

უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანმა, ელენა გიტლიანსკაიამ ამის შესახებ თავის ფეისბუქზე დაწერა. მისი თქმით, სპეცსამსახურის თანამშრომლები 25-ზე მეტ ადგილას ატარებენ ჩხრეკას. 

"ოპერაციის ფარგლებში ამოღებულია პროპაგანდისტული მასალები, იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები. სამწუხაროდ, ამ მოქალაქეებს შორის ჟურნალისტებიც არიან, თუმცა, ამა თუ იმ პროფესიის ქონა არ ნიშნავს ინდულგენციას, გათავისუფლებას სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების გამო. ამიტომ გთხოვთ, არ გააკეთოთ ნაადრევი შეფასებები ყველა მასალის გამოქვეყნებამდე"l - წერს გიტლიანსკაია. 

უკრაინსკაია პრავდას ცნობით, ოპერაცია უმეტესად კიევში, დნეპრსა და ოდესაში ტარდება. 

გიტლიანსკაია წერს, რომ ოპერაციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ. 

საინფორმაციო სააგენტო უნიანის ცნობით, ოპერაცია მას შემდეგ ტარდება, რაც 8 მარტს პოლიტიკოსი ვლადიმერ რუბანი დააკავეს. ბრალდების მიხედვით, მას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დიდი რაოდენობით იარაღი გადაჰქონდა. რუბინს ბრალად პეტრო პოროშენკოს მკვლელობის და უმაღლესი რადას შეიარაღებული აღების მცდელობა დასდეს და 2 თვით წინასწარი პატიმრობაც მიუსაჯეს. 

კომენტარები