სტივ ბენონი

ბენონი ლე პენის "ეროვნულ ფრონტს": თქვენ მსოფლიო მასშტაბის მოძრაობის ნაწილი ხართ

სტივ ბენონი და მარინ ლე პენი
Getty Images

დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი, სტივ ბენონი მარინ ლე პენის ულტრა-მემარჯვენე პარტიის "ეროვნული ფრონტის" კონგრესზე სიტყვით გამოვიდა.

მან პარტიის წევრებს უთხრა, რომ ისტორია მათ მხარესაა და საბოლოოდ გამარჯვებას მიაღწევენ.

"გაიხსენეთ ამერიკის არჩევნები. ტრადიციული მედია შოკში იყო. მათ არასოდეს სჯეროდათ, რომ ამერიკელები საბოლოოდ საკუთარ ინტერესებს მისცემდნენ ხმას." თქვა მან.

"თქვენ იბრძვით თქვენი ქვეყნისთვის და რასისტებს გეძახიან. მაგრამ ის დღეები, როდესაც მსგავსი შეურაცხყოფა მოქმედებდა დასრულდა. ისტებლიშმენტის მედია სისტემის ძაღლია. ჩვენ ყოველდღე ვძლიერდებით, ისინი კი სუსტდებიან. დაე გიწოდონ რასისტი, ქსენოფობი და რაც სურთ. ატარეთ ეს როგორც მედალი." უთხრა მან ეროვნული ფრონტის წევრებს.

"რაც ვისწავლე არის ის, რომ თქვენ მსოფლიო მასშტაბის მოძრაობის ნაწილი ხართ, რომელიც საფრანგეთზე დიდია, იტალიაზე დიდია, უნგრეთზე დიდია, ჩვენზე ყველაზე დიდია."

"მე აქ არ მოვსულვარ როგორც მასწავლებელი. ევროპაში მოვედი როგორც დამკვირვებელი, რათა ვისწავლო." თქვა მან იტალიის არჩევნებში პოპულისტური პარტიების წარმატებაზე საუბრისას.

"ჩვენმა ძვირფასმა პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა: "გვეყო გლობალისტები"." თქვა მან ტრამპმზე საუბრისას და აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს სამი მთავარი საზრუნავი აქვს: იმიგრაცია, მწარმოებლების დარწმუნება, რომ ჩინეთიდან აშშ-ში დაბრუნდნენ და აშშ-ის გამოყვანა ერაყისა და ავღანეთის კონფლიქტებიდან.

ბენონი "ეროვნული ფრონტის" კონგრესზე მარინ ლე პენმა მიიწვია. ერთობლივ პრესკონფერენციაზე მან მხოლოდ ლე პენის 28 წლის ძმისშვილზე, მარიონ მარეშალ ლე პენზე ისაუბრა.

ბენონის თქმით მარიონი "ამომავალი ვარსკვლავია" და დიდი მომავალი აქვს.

მარინ ლე პენმა ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ რა აზრის იყო ბენონის კომენტარებზე ბენონს უთხრა, რომ ჟურნალისტები ორ ქალს შორის კონკურენციას აღვივებენ.

"მათ არ ესმით, რომ ერთსა და იმავე იდეებს ვიცავთ, ის განათლების სფეროში, ხოლო მე პოლიტიკაში." თქვა მან.

"ეროვნული ფრონტის" კონგრესი ემანუელ მაკრონთან საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ ლე პენის ავტორიტეტის გაძლიერებას ემსახურებოდა. მარიონი კონგრესს არ ესწრებოდა.

ბენონი თეთრი სახლიდან გასული წლის აგვისტოში გაათავისუფლეს.

კომენტარები