საუდის არაბეთი

საუდის არაბეთი ქალებს მეურვის თანხლების გარეშე ქვეყანაში შესვლის უფლებას მისცემს

Getty Images

საუდის არაბეთი სპარსეთის ყურეში და წითელი ზღვის სანაპიროზე ტურისტული ცენტრების შექმნას აპირებს. ქვეყანაში იმედოვნებენ, რომ 2030 წლიდან ყოველწლიურად 30 მილიონ ტურისტს მიიღებენ.

გავრცელებული ცნობით, წითელ ზღვაში მდებარე კუნძულების კურორტებად გარდაქმნა იგეგმება, სადაც სამეფოს კონსერვატიული კანონები არ გავრცელდება.

ტურისტული ვიზების გაცემა 2018 წლის პირველი აპრილიდან დაიწყება. ქვეყნის ისტორიაში პირველად ქალები, რომელთა ასაკი 25 წელს აღემატება 30-დღიანი ტურისტული ვიზის მიღებას მეურვით თანხლების გარეშე შეძლებენ.

ამ დრომდე საუდის არაბეთი ვიზებს სამუშაო ვიზიტებისთვის, ოჯახის მოსანახულებლად და პილიგრიმებისათვის გასცემდა, ხოლო ქალებს ვიზის მისაღებად მეურვე მამაკაცის თანხმობა და თანხლება სჭირდებოდათ.

ტურისტულ ვიზასთან დაკავშირებული ცვილილება საუდის არაბეთის ტახტის ახალი მემკვიდრის, მუჰამედ ბინ სალმანის ინიციატივებს მოჰყვა. მას შემდეგ, რაც ტახტის მემკვიდრე გახდა, მუჰამედ ბინ სალმანმა თქვა, რომ საუდის არაბეთი ზომიერ ისლამს უნდა დაუბრუნდეს. ქვეყანამ ქალებს მანქანის მართვის და სპორტულ ღონისძიებებზე ოჯახთან ერთად დასწრების უფლება უკვე მისცა.

კომენტარები