დაპირისპირება ბორჯომის საკრებულოში

რა ხდება ბორჯომის საკრებულოში - დაპირისპირების რეალური მიზეზები

ბორჯომის საკრებულო საქართველოს თვითმმართველ ორგანოებს შორის ერთადერთია, სადაც მმართველი პარტია "ქართული ოცნება" უმცირესობაშია

ბორჯომის მერიაში რამდენიმედღიანი ბოიკოტი დასრულდა. ბორჯომის მერმა და თანამშრომლებმა მუშაობა განაახლეს. დღეს ისინი საკრებულოში რიგგარეშე სხდომის მოთხოვნითაც მიმართავენ, სადაც მერიის თანამშრომლებისთვის ხელფასების მომატების საკითხი უნდა განიხილონ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია სამი დღის განმავლობაში პარალიზებული იყო. გაიფიცნენ მერი და თანამშრომლები, შესაბამისად, მერია არც მოქალაქეებს ემსახურებოდა. მიზეზი საკრებულოს გადაწყვეტილება გახდა - გასულ კვირის სხდომაზე მერიის თანამდებობის პირებისთვის ხელფასის მომატების ინიციატივა ჩავარდა.

საკითხის ჩაგდებას საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა - მერიის თანამშრომლებმა, რომლებიც ქართული ოცნების წევრები და მხარდამჭერები არიან, საკრებულოს ოპოზიციური პარტიების წევრების კაბინეტების კარები ჩახერგეს და მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ოპოზიცია თვლის, რომ მომხდარი ოპოზიციური საკრებულოს წინააღმდეგ არის მიმართული.

როგორ დაიწყო დაპირისპირება

28 თებერვლის სხდომაზე საკრებულომ მხარი არ დაუჭირა ქართული ოცნების ინიციატივას, რომელიც ბორჯომის მერიის მაღალი თანამდებობის პირებისთვის ხელფასების გაზრდას ითვალისწინებდა.

  • ბორჯომის მერი - 850 ლარით.
  • მერის პირველი მოადგილე - 600 ლარით.
  • მერის მეორე მოადგილე - 500 ლარით.
  • სამსახურების უფროსები - 450 ლარით. სულ ბორჯომის მერიაში 9 სამსახურია.

საკრებულოს ოპოზიციის დეპუტატების თქმით, მათთვის მიუღებელია, მერიის მაღალი თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგო ამ ოდენობით გაიზარდოს. ევროპული საქართველოს წევრი, ბაქარ შირაძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს ამის საშუალება არ აქვს.

“როდესაც მერი იმატებს ხელფასს 850 ლარით, ეს წელიწადში დაახლოებით 10 ათასი ლარით ზრდაა. და ეს მხოლოდ მერს. მთლიანობაში ეს რაიონს აზარალებს - ბორჯომი არ არის მზად, რომ მერმა და მისმა მოადგილეებმა ამხელა ხელფასები დაიწერონ. ჰკითხონ ახლა ბორჯომის მოსახლეობას, იმისთვის მოგვცა ხმა, რომ მხარი დავუჭიროთ მერისთვის ხელფასის მომატებას?”, - ამბობს შირაძე.

საკრებულო ხელფასების მერიის რიგითი თანამშრომლებისთვის მომატებასაც განიხილავს. საჯარო მოხელეების სარგო დაახლოებით 300 ლარით გაიზრდება. ოპოზიციის დეპუტატები ამბობენ, რომ ისინი მერიის მოთხოვნის ამ ნაწილს მხარს უჭერენ. მათთვის მიუღებელი მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირებისთვის გაზრდილი ხელფასია.

მიუხედავად ამისა, 28 თებერვლის სხდომაზე, საკითხის ჩაგდების შემდეგ საკრებულოში დებოში მერიის თანამშრომლებმა მოაწყვეს. მათ საკრებულოს ოპოზიციის წევრებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე ჩახერგეს მათ კაბინეტებში შესასვლელი კარები.

“როცა ეს, ბოლო ორი თვის განმავლობაში უკვე მეოთხედ შემობრუნებული საკითხი ჩავაგდეთ, მოვიდა მერიის პარტ.აქტივი და დაიწყეს დარბევა. ჩახერგეს კაბინეტების კარები, სკამები, მაგიდები კარებს მიაყუდეს, სრული არეულობა იყო. ამბობდნენ, ახლა მოგვიმატეთ ხელფასები, თორემ ვერ გამოხვალთ ოთახებიდანო. ბლოკირება მოახდინეს საკრებულოს დარბაზის, თავმჯდომარის ოთახის. როცა დაინახეს, რომ თავმჯდომარის კაბინეტში შევდიოდი, ფიზიკური შეურაცხყოფაც მომაყენეს. ფაქტობრივად ომი იყო”, - ყვება გიორგი გიუაშვილი, საკრებულოს წევრი ლეიბორისტული პარტიიდან.


ფოტო: პირველი არხი

დეპუტატები პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. ლეიბორისტი გიორგი გიუაშვილი ამბობს, რომ 28 თებერვალს ადგილზე რამდენიმე პოლიციელი იყო, რომლებიც “არაფერს აკეთებდნენ, ჩვენ რა ვქნათო”.

მეორე დღეს კი შსს-მ ბორჯომში სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფები გაგზავნა.

“რას ქვია, რა უნდა გააკეთოთ, შემოჭრაა საკრებულოში. მე ვარ საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე, 6 საათამდე მაქვს სამუშაო საათები, ვერ ვახერხებ სამუშაოს შესრულებას, მძიმე მუხლია თანამდებობის პირისთვის ხელის შეშლა, თუმცა არაფერი გააკეთეს. მეორე დღეს რომ მოვიდნენ დანაყოფები, ვიფიქრე, რომ ჩვენ დასაცავად მოდიოდნენ, მაგრამ თურმე იმისთვის მოსულან, რომ ჩვენ არ შევეშვით შენობაში”, - ამბობს გიუაშვილი.

28 თებერვალს მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის 126-ე, ცემის მუხლით დაიწყო და რამდენიმე დეპუტატი გამოკითხა კიდეც.


ფოტო: სამხრეთის კარიბჭე

დაპირისპირების რეალური მიზეზები

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო სულ 28 წევრისგან შედგება. 13 დეპუტატი მაჟორიტარია, 15 მათგანი კი პროპორციული სიით შეირჩა.

ბორჯომის მერი ქართული ოცნების წევრია, საკრებულოს უმრავლესობა კი ოპოზიციური პარტიებს ეკუთვნის. თავმჯდომარე პატრიოტთა ალიანსის წევრი ზაზა ჩაჩანიძეა.

საკრებულოში ადგილები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • ქართული ოცნება - 13
  • პატრიოტთა ალიანსი - 11
  • ნაციონალური მოძრაობა - 2
  • ევროპული საქართველო - 1
  • ლეიბორისტული პარტია - 1

ეს ერთადერთი საკრებულოა, რომლის უმრავლესობას “ქართული ოცნება” არ ფლობს.

საკრებულოს ოპოზიცია ფიქრობს, მმართველი გუნდი სწორედ ამ ფაქტს ვერ ეგუება და მერიის თანამშორმლებს თავიანთი მიზნების განხორციელებისთვის იყენებს. მათი აზრით, ამას პარლამენტში ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატის, გედევან ფოფხაძის განცხადებაც ადასტურებს - ფოფხაძემ თქვა, რომ “შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეიძლება სხვადასხვა გამოსავალი მოიძებნოს, მაგრამ შეიძლება ერთ-ერთი გამოსავალი ხელახალი, ახალი არჩევნების ჩატარება იყოს”.

საკრებულოს ოპოზიცია მმართველ გუნდს აკისრებენ პასუხისმგებლობას იმის გამოც, რომ მერიის თანამშრომლებს ორი თვეა, ხელფასი არ აუღიათ.  ოპოზიციის დეპუტატების თქმით, მერს შეეძლო ხელფასები იმ ოდენობით გაეცა, რა ოდენობითაც ამ დრომდე არის დამტკიცებული, გაზრდილ ანაზღაურებას კი თანამშრომლები განახლების შემდეგ მიიღებდნენ. თუმცა, მერი ლევან ლიპარტია ამას არ აკეთებს.

“თუ ანაზღაურებას ჩვენკენ ხელის გამოშვერის გამო არ ურიცხავენ, პასუხისმგებლობა მერმა უნდა აიღოს”, - ამბობს ბაქარ შირაძე.

კონკრეტულად რომელ დღეს გაიმართება რიგგარეშე სხდომა ბორჯომის საკრებულოში, ჯერ უცნობია. თუმცა, ცნობილია, რომ ის მიმდინარე კვირას ჩატარდება.

კომენტარები