დაპირისპირება ბორჯომის საკრებულოში

ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი: პოლიცია შენობაში მხოლოდ ოცნების წევრებს უშვებს

http://sknews.ge

ბორჯომში საკრებულოსთან პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულები. მათი ნაწილი შენობაშიც რჩება. 

ბორჯომის საკრებულოს ევროპული საქართველოს დეპუტატის თქმით, შენობასთან პოლიციაც არის მობილიზებული, რომელიც შენობაში მხოლოდ ქართული ოცნების წევრებს უშვებს, თუმცა მიზეზს არ უმარტავს.

"დილით მოვედით საკრებულოს დეპუტატები, თავმჯდომარესთან ერთად გვინდოდა შესვლა, მაგრამ მობილიზებულია პოლიცია და მხოლოდ ქართული ოცნების წევრებს და მათ მხარდამჭერებს უშვებენ შენობაში. ჩვენ არ გვაქვს იმისი შესაძლებლობა, რომ შევიდეთ საკრებულოში და განვახორციელოთ ჩვენი უფლებამოსილება. არ ვიცი, რა უნდათ. მიზეზს არ გვეუბნებიან, მხოლოდ გვეუბნებიან "უკომენტაროდ". უფლებამოსილი პირიც არ გამოდის, რომ დაგველაპარაკოს, დგანან მხოლოდ პოლიციელები. ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ პოლიცია არ არის მოწოდებული სამართლის აღსასრულებლად, წესრიგის დასაცავად და მხოლოდ ქართული ოცნების ბრძანებებს ასრულებს", - ამბობს ბაქარ შირაძე

შინაგან საქმეთა სამინისტრო ტაბულასთან განმარტავს, რომ სამართალდამცველები ბორჯომის საკრებულოს შენობაში არ უშვებენ პირებს მხოლოდ და მხოლოდ დაპირისპირების თავიდან აცილების და მათივე უსაფრთხოების მიზნით. ჩვენ ვართ პოლიტიკურად ნეიტრალური მხარე და მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოების დაცვას ვუზრუნველყოფთ, პოლიციის შესახებ კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად (მუხლი 25. ადგილის დატოვების მოთხოვნა და კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა).ჩვენთვის ქართული ოცნება და სხვა პარტია მნიშვნელოვანი არ არის, ვხედავთ ორ დაპირისპირებულ მხარეს. 

ბორჯომის საკრებულოში გუშინ, 28 თებერვალს ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო. მიზეზი ქართული ოცნების წევრების მოთხოვნა გახდა, რომელიც მუნიციპალური მაღალჩინოსნებისთვის ხელფასების რამდენიმე ასეული ლარით (400-900 ლარამდე) გაზრდას ითვალისწინებს. 

ბორჯომის საკრებულო ოპოზიციურია, თუმცა, ბორჯომის მერი ქართული ოცნების წარმომადგენელია.

საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე 30 საკითხი განიხილეს, მათგან 29 დაამტკიცეს, ერთი კი უარყვეს. "ჩაგდებული" საკითხი სწორედ მუნიციპალიტეტში ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის ხელფასების გაზრდას გულისხმობდა. 

დაპირისპირება სწორედ ამის შემდეგ დაიწყო. 

ბორჯომის საკრებულოს წევრი „ლეიბორისტული პარტიიდან“ გიორგი გიუაშვილი, რუსთავი 2-ის ცნობით, ამტკიცებს, რომ მას „ქართული ოცნების“ აქტივისტები თავს დაესხნენ და სცემეს. პიკეტის მონაწილეებმა ჩახერგეს საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის კაბინეტის კარიც. ის პატრიოტთა ალიანსს წარმოადგენს. ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში მოჰყვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელიაც. 

აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის არცერთ სამსახურში იანვრის თვის ხელფასები არ ჩარიცხულა. ბორჯომის საკრებულოს ოპოზიცია ქალაქის მერიას ხელფასების დარიგების ხელოვნურად გაჭიანურებაში ადანაშაულებდა იმის გამო, რომ მერს, მის მოადგილეებს და სამსახურების უფროსებს ხელფასების რამდენიმე ასეულით ზრდაზე უთხრეს უარი. საკრებულოს წარმომადგენლები მერიის თანამშრომლების ხელფასების მხოლოდ მცირედით ზრდას თანხმდებიან.

კომენტარები