დაპირისპირება ბორჯომის საკრებულოში

კობახიძე ბორჯომის საკრებულოზე: მუნიციპალიტეტები უნდა საქმიანობდეს შეუფერხებლად

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბორჯომში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ირაკლი კობახიძის თქმით, მუნიციპალიტეტები შეუფერხებლად უნდა საქმიანობდეს, ხოლო, რაც შეეხება ბორჯომში არჩევნების ჩატარებას, ეს თავად მუნიციპალიტეტის პრეროგატივაა.

"ჩვენ ბორჯომში ისევე, როგორც ყველა მუნიციპალიტეტში გვაქვს ერთადერთი ინტერესი, რომ მოსახლეობის ინტერესები სათანადოდ იყოს დაცული. მუნიციპალიტეტები უნდა საქმიანობდეს შეუფერხებლად და ზუსტად ამ მიზნიდან გამომდინარე დავგეგმავთ ნებისმიერ ღონისძიებას, რომელიც დაკავშირებული იქნება ასეთი სახის საკითხებთან. ეს არის თავად მუნიციპალიტეტის პრეროგატივა, მუნიციპალიტეტში როგორც წარიმართება პროცესები იმის მიხედვით შეიძლება სხვადასხვაგვარი განვითარება წარმოვიდგინოთ, თუმცა რაც შეეხება ზოგადად ჩვენს ხედვას - ხედვა არის ის რომ მთავარია ბორჯომის მოსახლეობის ინტერესები იყოს სათანადოდ დაცული და რეალიზებული." - ამბობს კობახიძე.

ბორჯომის მერიის თანამშრომლებმა მუშაობა საკრებულოს 28 თებერვლის სხდომის შემდეგ შეწყვიტეს - საკრებულომ მხარი არ დაუჭირა ქართული ოცნების ინიციატივას, რომელიც ბორჯომის მერიის მაღალი თანამდებობის პირებისთვის ხელფასების გაზრდას ითვალისწინებდა. სხდომამ ხმაურის ფონზე ჩაიარა, რის შემდეგაც მერიის თანამშრომლებსა და საკრებულოს აოპოზიციონერ დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებით გაგრძელდა.

იმ დღესვე ბორჯომის მერიის თანამშრომლებმა აქცია გამართეს და თქვეს, რომ უკვე 2 თვეა, ხელფასები არ აუღიათ. თუმცა, ბორჯომის საკრებულოს ოპოზიციური პარტიის წევრები ამბობენ, რომ მათ რიგითი საჯარო მოხელეების ხელფასები 2017 წლის ბიუჯეტთან ერთად დაამტკიცეს და თუ ახლა სარგოს ვერ იღებენ, მხოლოდ და მხოლოდ მერის პასუხისმგებლობაა. 

კომენტარები