უგულავა: ენერგო-პრო რეგიონებში ხელისუფლების დანამატს და გაგრძელებას წარმოადგენს

გიგი უგულავა
ტაბულა

ვანსა და ხონში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი უგულავა, ენერგო-პრო ჯორჯიას გენერალური დირექტორის განცხადებას ეხმაურება, სადაც მიხეილ ბორცვაძემ განაცხადა, რომ მისი კომპანიის მხრიდან პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას გამორიცხავს.

"სამწუხაროა, რომ ენერგო-პროს თავისი უფლება-მოვალეობები ჯეროვნად არ ესმის. ფაქტები უდავოა. ვანში მათი წარმომადგენელი შალვა ლორთქიფანიძეა, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატიცაა. ეს ადამიანი კერძო ბიზნესს რომ პოლიტიკისგან ვერ ასხვავებს, ვანში საყოველთაოდ ცნობილია. ცესკო-მ არჩევნები ვანი-ხონის საარჩევნო ოლქში ოფიციალურად გამოაცხადა. ნაცვლად იმისა, რომ ნებისმიერი მიკერძოებისგან ენერგო-პროს თავი აერიდებინა და შალვა ლორთქიფანიძე არჩევნების პერიოდში ჩამოეშორებინა საქმიანობისგან, კომპანია "მუნდირის დაცვითაა" დაკავებული, რითაც დამატებით ადასტურებს, რომ სამწუხაროდ, კომპანია ხელისუფლების დანამატს და გაგრძელებას წარმოადგენს რეგიონებში.

ბელთაძეების ოჯახი, სურვილის შემთხვევაში, სასამართლოში გააგრძელებს ენერგო-პროსთან დავას. ჩვენ მათ ყველანაირად დავეხმარებით. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს კომპანია თავის მოძალადე თანამშრომელს მსხვერპლად ასაღებს. მე ნამდვილად დავურეკე შალვა ლორთქიფანიძეს, როგორც ენერგო-პროს თანმშრომელს და შედეგად ქართული ოცნების დეპუტატი მივიღე, რომელიც იმუქრებოდა რაიონში არშეშვებით და გაყვიროდა 9 წელს. სწორედ ამის შემდეგ მიიღო მან ის პასუხი, რასაც ქართული ოცნების თავგასული ჩინოვნიკები იმსახურებენ. სამწუხაროა, ენერგო-პროს შეგნებულად არ სურს ამის გაგება. ეს ევროპაში დაფუძნებული კომპანიაა და ჩვენ ყველა საერთაშორისო ტრიბუნას გამოვიყენებთ, რომ დავიცვათ ბელთაძეების და მსგავს მდგომარეობაში ჩავარდნილი უამრავი ოჯახი, რომლებსაც ხელისუფლება ემუქრება ენერგო-პროს ხელით. ეს დაუშვებელია ევროპაში და თუ ენერგო-პროს აქაურ ხელმძღვანელობას საქართველო მესამე სამყაროს ქვეყანა ჰგონია, სადაც ყველაფრის უფლება აქვთ, ძალიან ცდებიან!", - ნათქვამია განცხადებაში.

გიგი უგულავამ, დილით გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატი შალვა ლორთქიფანიძე, რომელიც იმავდროულად რაიონში ენერგო-პროს წარმომადგენელიცაა, სოფელ დიხაშხოში მცხოვრებ მამა-შვილს თენგიზ და მირზა ბილთაძეებს დაემუქრა

დღესვე მას ენერგო-პროს გენერალური დირექტორი გამოეხმაურა.

"ძალიან მარტივ რიცხვებს მოგახსენებთ. ჩვენთან მუდმივად მიმდინარეობს მსგავსი გადამოწმებები, როგორიც ერთერთი იყო ეს ობიექტი. მხოლოდ ვანში ბოლო 2 თვეში გადამოწმებულია 57 კომერციული აბონენტი, მათ შორის 4-ის შემთხვევაში დაფიქსირდა ხარვეზი. 4-დან 3-მა მოახდინა რეაგირება ხარვეზის გამოსწორებაზე, ხოლო მეოთხე არის ეს ავტოსამრეცხაო, რომლის გამოც თითქოს ასეთ სკანდალში ეხვევა კომპანია. კარგი იყო დავლოდებოდით ჩვენს ინფორმაციას, კარგი იყო გადამოწმებულიყო, თუმცა ნაცვლად ამისა, გუშინ საღამოს ჩვენმა წარმომადგენელმა მიიღო ზარი პოლიტიკური ლიდერისგან და დაიმსახურა მხოლოდ დედის გინება,"- თქვა ენერგო-პროს დირექტორმა საგანგებო ბრიფინგზე. 

 

კომენტარები