სარეკლამო ბაზარი

Intermedia: 2017-ში სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი შემცირდა

intermedia

სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი 2017 წელს 11%-ით შემცირდა და მისმა მოცულობამ 68 მილიონი ლარი შეადგინა - ამის შესახებ სარეკლამო კომპანია Intermedia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ გუმბარიძემ განაცხადა.

გუმბარიძემ დღეს გამართული ბრიფინგით კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, კახა ბექაურს უპასუხა. ბექაურმა 22 თებერვალს განაცხადა, რომ სატელევიზიო ბაზრის ზომა 2017 წელს 89 მილიონ ლარს შეადგენდა. გუმბარიძის განმარტებით, ბექაურის განცხადება მცდარია, რადგანაც კომისიამ ბაზრის ზომა არასწორი მეთოდოლოგიით დათვალა.

"მეთოდოლოგიური უზუსტობა იყო ის, რომ ერთი მხრივ, მარეგულირებელმა დათვალა დამკვეთის მიერ დახარჯული სარეკლამო დანახარჯების ოდენობა და მეორე მხრივ, დათვალა ტელევიზიებში წინა წელს შესული ფული, რაც არის ნათელი შეცდომა. რეალურად, მხოლოდ სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი არის შემცირებული 11%-ით. ეს შემცირება განპირობებულია, პირველ რიგში, დიჯიტალ-მედიაში თანხების გადინებით, რაც არის გლობალური ტრენდი და აბსოლუტურად ლოგიკური", - ამბობს ზურაბ გუმბარიძე.

გუმბარიძის განცხადებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დათვლის მეთოდოლოგიაში მთავარი უზუსტობა მდგომარებს იმაში, რომ დათვლილია სარეკლამო დამკვეთების მიერ 2017 წელს გაწეული მთლიანი ხარჯები და ეს შედარებულია 2016 წელს ტელევიზიების შემოსავლებთან. ანუ ერთმანეთთან არის შედარებული ორი სხვადასხვა მეთოდოლოგიით დათვლილი რიცხვი, რომლებიც ერთმანეთს არ დარდება.

ინტერ მედიას დათვლებით, 2017 წელს საქართველოს სარეკლამო ბაზარმა 124.5 მილიონი ლარი შეადგინა, აღნიშნული თანხა ასე ნაწილდება:

  • ტელევიზიები - 68.1 მილიონი ლარი
  • ინტერნეტი -25 მილიონი ლარი
  • გარე რეკლამა ბილბორდები - 16 მილიონი ლარი
  • რადიო - 8.8 მილიონი ლარი
  • პრესა - 4 მილიონი ლარი
  • სხვა - 2.5 მილიონი ლარი

კომენტარები