სარეკლამო ბაზარი

გვარამია: სარეკლამო ბაზარზე იქნება კონკურენცია, რაც ბაზრისთვის არ არის სასარგებლო

რუსთავი 2

იმედმა და მის ჰოლდინგში შემავალმა კომპანიებმა (GDS, მაესტრო) დატოვეს კომპანია "ინტერ მედია" რომელიც აქამდე რუსთავი 2-ის, კომერდი არხის, მარაოს, ასევე იმედის, GDS-სა და მაესტროს სარეკლამო დროს ჰყიდდა. იმედის გადაწყვეტილების გამო "ინტერ მედიამ" რა სახითაც ის მთელი 2017 წლის განმავლობაში არსებობდა მუშაობა შეწყვიტა. კომპანიის მფლობელებმა დაარსეს ახალი შპს, რომელსაც ასევე "ინტერ მედია" ჰქვია და ის ახლა რუსთავი 2-ის ჰოლდინგში შემავალი კომპანიების სარეკლამო დროს გაყიდის.

სარეკლამო კავშირიდან იმედის გასვლასთან დაკავშირებით "ნეტგაზეთისთვის" მიცემულ ინტერვიუში რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ახლა სარეკლამო ბაზარზე იქნება მწვავე კონკურენცია, რაც ბაზარისთვის კარგი არაა.

"ვფიქრობ ეს გადაწყვეტილება არასწორი იყო, თუმცა ეს მათი მისაღები გადაწყვეტილება იყო და ის გადაწყვეტილება მიიღეს, რომელსაც საჭიროდ თვლიდნენ. რაც შეეხება ბაზარს, ბაზარი ისედაც ძალიან მძიმე დღეშია. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის ეკონომიკა მძიმე დღეშია. ახლა უკვე იქნება მწვავე კონკურენცია ჩვენს შორის. მათ შორის საფასო პოლიტიკითაც, რაც არ არის ბაზრისთვის მაინცდამაინც სასარგებლო", - ამბობს გვარამია.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 2018 წლის 31 იანვარს დაფუძნებული შპს "ინტერ მედიას" წილის მფლობელები არიან:

  • ირაკლი ბურძგლა - 45%
  • ზურაბ გუმბერიძე - 45%
  • მიხეილ მშვილდაძე - 10%
  • კომპანიის დირექტორი - ზურაბ იაშვილი

კომენტარები