კატალონია

კატალონიის პარლამენტი კარლეს პუჩემონტის სიმბოლურ პრეზიდენტად დანიშვნას აპირებს

კარლოს პუჩემონტი
AFP

გავრცელებული ცნობით, კატალონიის ახალი პარლამენტი ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩემონტის რეგიონის სიმბოლურ პრეზიდენტად დანიშვნას გეგმავს, რათა რეალურ პოსტზე ალტერნატიული კანდიდატები განიხილონ.

გეგმის მიხედვით პუჩემონტის "ლეგიტიმურ პრეზიდენტად" სიმბოლური ინაუგურაცია მოხდება, ხოლო შემდეგ პოსტზე სხვა კანდიდატებს განიხილავენ, ვინც მთავრობის ფორმირებას შეძლებს.

ზოგიერთი ვარაუდით პუჩემონტის ალტერნატივად ჟორდი სანჩესი განიხილება, რომელიც გასული წლის ოქტომბრიდან საპროტესტო აქციების ორგანიზებისათვის არის დაპატიმრებული.

ესპანეთის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ციხეში მყოფი პირის პრეზიდენტობა ისეთვე სირთულეებთან არის დაკავშირებული, როგორც ბელგიაში გაქცეული პუჩემონტის.

შეგახსნებთ, რომ თებერვლის დასაწყისში ესპანურმა მედიამ კატალონიის ყოფილი პრეზიდენტის, კარლეს პუჩემონტის და კატალონიის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის მიმოწერა გაავრცელა, სადაც პუჩემონტი ამბობს, რომ მისი მოკავშირეები რეგიონის პრეზიდენტად მისი დაბრუნების საკითხზე დანებდნენ და მადრიდმა გაიმარჯვა.

გავრცელებულ მიმოწერასთან დაკავშირებით პუჩემონტმა Twitter-ზე დაწერა, რომ ეჭვები აწუხებდა, თუმცა პრეზიდენტობისთვის ბრძოლას არ შეწყვეტს.

კატალონიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 დეკემბერს ჩატარდა და საპარლამენტო უმრავლესობა დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა მოიპოვეს. პარლამენტის სპიკერად ესპანეთისგან დამოუკიდებლობის მომხრე პოლიტიკოსი, როჯერ ტორენტ რამიო დაინიშნა. მან რეგიონის პრეზიდენტის ასარჩევად მოწვეული სესია გადადო. პუჩემონტის მომხრეები აცხადებდნენ, რომ ის რეგიონს ბრიუსელიდან ვიდეო ჩართვებით მართავდა, თუმცა ესპანეთის მთავრობა და სასამართლო აცხადებენ, რომ მსგავსი რამ დაუშვებელია. ესპანეთში დაბრუნების შემთხევაში ყოფილ პრეზიდენტს პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები