თამბაქო

ზოიძე: თამბაქოს კონტროლის კანონით 53 ათასზე მეტ თანამოქალაქეს გადავარჩენთ


ფოტო: პარლამენტი

"გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან!", - ამ სლოგანით საქართველოს პარლამენტში "თამბაქოს კონტროლის" შესახებ კანონის დანერგვის საკომუნიკაციო კამპანია გაიხსნა. დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ მიმართა და განაცხადა, რომ ახალი კანონი მინიმუმ 53 ათას მოქალაქეს გადაარჩენს.

"შემდეგი 15 წლის განმავლობაში, გადავარჩენთ 53 ათასზე მეტ თანამოქალაქეს ნაადრევი და მტანჯველი სიკვდილისგან და ქვეყნის ეკონომიკისთვის 3.5 მილიარდი ლარი დაიზოგება", - ამბობს ზოიძე.

2018 წლის 1 სექტემბრიდან თამბაქოს ნაწარმის ბრენდის დასახელებაში იკრძალება შემდეგი სიტყვების გამოყენება: "მენთოლი", "მსუბუქი", "რბილი", "ნაკლებად მძაფრი", "ულტრამსუბუქი", "დაბალი შემცველობით", "ექსტრა", "ულტრა" და სხვა. შესაბამისი ცვლილება თამბაქოს კონტროლის კანონში წერია. კანონის სხვა მოთხოვნები ძალაში 2018 წლის პირველ მაისს შევა.

რაც შეეხება თამბაქოს სტანდარტულ (სადა შეფუთვას) ის 2022 წლის 31 დეკემბრიდან, ანუ 2023 წლიდან ამოქმედდება. ცვლილების შედეგად ყველა ბრენდის სიგარეტი ერთნაირი ტიპის შეფუთვით გაიყიდება და მათზე ნებისმიერი სახით ბრენდის მითითება აიკრძალება.

რამდენ სიგარეტს ეწევიან საქართველოში?

შემოსავლების სამსახურის სტატისტიკის მიხედვით, 2017 წლის განმავლობაში საქართველოში 397 მილიონი კოლოფი სიგარეტი მოიხმარეს, რაც 2016 წელთან შედარებით, 14.6%-ით ნაკლებია. 

მთავრობამ აქციზის გადასახადი გაზარდა 50%-ით და ელოდა, რომ თამბაქოს გაყიდვები შემცირდებოდა 8%-ით, თუმცა სინამდვილეში მთავრობის პროგნოზი არასწორი აღმოჩნდა და გაყიდვები 15%-ით შემცირდა, შესაბამისად ფასის ცვლილებაზე მოსახლეობის რეაქცია იმაზე უფრო დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ამას მთავრობა ელოდა. 

გასული 4 წლის განმავლობაში თამბაქოს ნაწარმზე აქციზმა 5-ჯერ მოიმატა.

 

კომენტარები