ბორჯომის ინციდენტი

ბორჯომში ხელფასის გაზრდაზე უარის გამო მოხელეებმა საკრებულოში დებოში მოაწყვეს

ფოტო: სამხრეთის კარიბჭე
სამხრეთის კარიბჭე

28 თებერვალს, ბორჯომის საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობის მორიგ უარს მუნიციპალური მაღალჩინოსნებისთვის ხელფასების რამდენიმე ასეული ლარით (400-900 ლარამდე) გაზრდაზე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დებოში და ძალადობრივი შეტაკება მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ საკრებულო ოპოზიციურია, თუმცა, ბორჯომის მერი ქართული ოცნების წარმომადგენელია.

ბორჯომის საკრებულოს წევრი „ლეიბორისტული პარტიიდან“ გიორგი გიუაშვილი, რუსთავი 2-ის ცნობით ამტკიცებს, რომ მას „ქართული ოცნების“ აქტივისტები თავს დაესხნენ და სცემეს. პიკეტის მონაწილეებმა ჩახერგეს საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის კაბინეტის კარიც. ის პატრიოტთა ალიანსს წარმოადგენს. ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში მოჰყვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელიაც.

დღისით დაწყებული პიკეტირება გვიან ღამითაც გრძელდება, საკრებულოს შენობაში კი ოპოზიციის წარმომადგენლები რჩებიან. 

ადგილზე ჩასულ ევროპული საქართველოს ერთ-ერთ წარმომადგენელ სერგო რატიანს ასევე სკანდირებით შეხვდნენ და შენობის დატოვება მოსთხოვეს. პარლამენტის დეპუტატი შენობაში დარჩა, თუმცა ის საკრებულოს დეპუტატებამდე ვერ მიდის.სერგო რატიანის თქმით, პოლიციის რაოდენობა ადგილზე დაგვიანებით გაზარდეს, მას შემდეგ რაც ოპოზიციამ ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. რატიანმა თავადაც აუხსნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, რომ ადგილზე მომხდარ ნებისმიერ ინციდენტზე პასუხისმგებლობა მათ ეკისრებოდათ.

დღის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიციას უმოქმედობაში ამხელდნენ

"უკვე ალბათ "ქართული ოცნების" ნებისმიერი მხარდამჭერისთვისაც უნდა იყოს ნათლად გასაგები, რომ ეს ხელისუფლება, არის მხოლოდ და მხოლოდ ძალადობისა და აგრესიის პერსონიფიკაცია.

ქართული ოცნების" 700-მდე აქტივისტს, მათ შორის ზონდერებს, ჰყავთ გამომწყვდეული დეპუტატები ბორჯომის საკრებულოში, ოპოზიციური პარტიებიდან, რომლებსაც აქვთ საკრებულოში უმრავლესობა," - თქვა დღეს ნიკა მელიამ მედიასთან. 

"მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო ახალ შს მინისტრს, რომელმაც ბევრი ისაუბრა კანონის უზენაესობაზე. როდესაც შეურაცხყოფას აყენებდნენ საკრებულოს წევრებს, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც იქ ჩავიდნენ, რას აკეთებდა ამ დროს პოლიცია?! - იკითხა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ. 

"ყოველთვის, როდესაც პრემიერ მინისტრის და ივანიშვილის ხელისუფლების სხვა წევრები მაღალფარდოვანი ტერმინებით გვესაუბრებიან დემოკრატიაზე, აგერ არის მაგალითი - სადაც არჩევნები წააგეს, მოსყიდვის მიუხედავად, იქ ამ წაგებას არ ეგუებიან და პასუხობენ ძალადობით. ეს არის სამარცხვინო და ძალიან დიდი ზიანის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის." - დაამატა მან. 

შსს ირწმუნება, რომ პოლიციამ დროულად და ეფექტიანად იმოქმედა.შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ავთანდილ გალდავას თქმით: "დღეს, ბორჯომის საკრებულოში გამართული სხდომის დროს მომხდარ ინციდენტებზე პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა და გამოძიება 2 ფაქტზე დაიწყო."

მისივე მტკიცებით, სამართალდამცველებმა დროულად შეძლეს დაპირისპირებული მხარეების იზოლირება, რის შედეგადაც ინციდენტი მასობრივ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა.

პოლიცია ირწმუნება, რომ საკრებულოს შენობაში, ასევე, მის მიმდებარე ტერიტორიაზე, "დაპირისპირებული მხარეების უსაფრთხოებისა და ინციდენტის გამეორების პრევენციის მიზნით", მუშაობას გაძლიერებულ რეჟიმში აგრძელებს.

აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის არცერთ სამსახურში იანვრის თვის ხელფასები არ ჩარიცხულა. ბორჯომის საკრებულოს ოპოზიცია ქალაქის მერიას ხელფასების დარიგების ხელოვნურად გაჭიანურებაში ადანაშაულებდა იმის გამო, რომ მერს, მის მოადგილეებს და სამსახურების უფროსებს ხელფასების რამდენიმე ასეულით ზრდაზე უთხრეს უარი. საკრებულოს წარმომადგენლები მერიის თანამშრომლების ხელფასების მხოლოდ მცირედით ზრდას თანხმდებიან.

კომენტარები