ბორჯომის ინციდენტი

შსს: ბორჯომში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი უსაფრთხოებისთვის იმყოფება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრორმაციით, ქალაქ ბორჯომში არა სპეცრაზმი, არამედ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებიან დაა ისინი იქ საზოგადოებრივი წესრიგის და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით არიან.

ასე პასუხობენ უწყებაში გავრცელებილ ინფორმაციას ბორჯომში სპეცრაზმის შესვლის შესახებ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები გუშინდელი ინციდენტის შემდეგ, ბორჯომის საკრებულოს შენობაში ამ დრომდე რჩებიან, ხოლო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგის და  მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით ქალაქ ბორჯომში იმყოფებიან", - განუცხადეს ტაბულას შსს-ში.

საკრებულოს წევრი "ევროპული საქართველოდან", ბაქარ შირაძე ტაბულასთან ამბობს, რომ პოლიცია საკრებულო შენობაში ოპოზიციის წარმომადგენლებს არ უშვებს და იქ მხოლოდ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არიან.

28 თებერვალს, ბორჯომის საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობის მორიგ უარს მუნიციპალური მაღალჩინოსნებისთვის ხელფასების რამდენიმე ასეული ლარით (400-900 ლარამდე) გაზრდაზე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დებოში და ძალადობრივი შეტაკება მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ საკრებულო ოპოზიციურია, თუმცა, ბორჯომის მერი ქართული ოცნების წარმომადგენელია.

ბორჯომის საკრებულოს წევრი "ლეიბორისტული პარტიიდან" გიორგი გიუაშვილი, რუსთავი 2-ის ცნობით ამტკიცებს, რომ მას "ქართული ოცნების" აქტივისტები თავს დაესხნენ და სცემეს. პიკეტის მონაწილეებმა ჩახერგეს საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის კაბინეტის კარიც. ის პატრიოტთა ალიანსს წარმოადგენს. ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში მოჰყვა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელიაც.

ადგილზე ჩასულ ევროპული საქართველოს ერთ-ერთ წარმომადგენელ სერგო რატიანს ასევე სკანდირებით შეხვდნენ და შენობის დატოვება მოსთხოვეს. პარლამენტის დეპუტატის თქმით, პოლიციის რაოდენობა ადგილზე დაგვიანებით გაზარდეს, მას შემდეგ რაც ოპოზიციამ ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის არცერთ სამსახურში იანვრის თვის ხელფასები არ ჩარიცხულა. ბორჯომის საკრებულოს ოპოზიცია ქალაქის მერიას ხელფასების დარიგების ხელოვნურად გაჭიანურებაში ადანაშაულებდა იმის გამო, რომ მერს, მის მოადგილეებს და სამსახურების უფროსებს ხელფასების რამდენიმე ასეულით ზრდაზე უთხრეს უარი. საკრებულოს წარმომადგენლები მერიის თანამშრომლების ხელფასების მხოლოდ მცირედით ზრდას თანხმდებიან.

კომენტარები