არჩილ ტატუნაშვილის საქმე

NGO-ები: საქართველომ ევროსასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ განაცხადი უნდა შეიტანოს

არასამთავრობო ორგანიზაციები არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთშორისი განაცხადის შეტანას მოითხოვენ. NGO-ები მოუწოდებენ საქართველოს სახელმწიფოს, გამოიყენოს საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიცოცხლის ხელყოფისა და თავისუფლების შეზღუდვის გავრცელებულ პრაქტიკებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სახელმწიფოთშორისი საჩივარი წარადგინოს. გარდა ამისა, არასამთავრობოების განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უახლოეს დღეებში უნდა მიმართოს ევროპულ სასამართლოს და კონვენციის 39-ე მუხლის საფუძველზე რუსეთის ფედერაციის მიმართ დროებითი ღონისძიების გამოყენება მოითხოვოს, რათა დაკავებული ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის, ასევე თამარ მეარაყიშვილის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი და მათ დაუყოვნებლივ მიეცეთ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობა.

"თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტები საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ, როგორც სამხრეთ ოსეთის, ისე აფხაზეთის მიმართულებით უკვე არაერთი წელია მასიურ ხასიათს ატარებს. ყოველწლიურად ასობით საქართველოს მოქალაქე ხდება ამ დანაშაულის მსხვერპლი, მათ შორის ქალები და ბავშვები. უმეტეს შემთხვევაში, გატაცებულები გარკვეული თანხის სანაცვლოდ თავისუფლდებიან, თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც გატაცებულები წლების განმავლობაში ტყვეობაში რჩებიან. მათი დაკავების პირობები როგორც წესი, არის მძიმე და არაადამიანური, არაერთი დაკავებული საუბრობს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე კი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს სამი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა" - აცხადებენ არასამთავრობოები.

NGO-ები აღნიშნავენ, რომ ევროპული სასამართლოს პრაქტიკით ადამიანის უფლებათა დარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ სახელმწიფოს, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ტერიტორიაზე. ევროპული სასამართლოს იურისპრუდენცია ასევე ითვალისწინებს de jure იურისდიქციის მქონე სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებებს, განახორციელოს ყველა გონივრული, მათ შორის, დიპლომატიური და სამართლებრივი ღონისძიება სადავო ტერიტორიაზე დარღვეული უფლებების დაცვის ხელშეწყობის მიზნით.

"შესაბამისად, მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ გამოიყენოს ყველა დიპლომატიური არხი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის პრაქტიკების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და აღმოფხვრის მიზნით. ამასთან, ევროპული კონვენციის 33-ე მუხლის შესაბამისად, "ყოველ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სხვა მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიერ კონვენციისა და მისი ოქმების ნებისმიერი სავარაუდო დარღვევის შესახებ". 

ოკუპაციის შემდგომ წლებში ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების მასშტაბი და რუსეთის ფედერაციის მიერ გამოვლენილი გულგრილობა ამგვარი დავის გამოყენების მიზანშეწონილობას ქმნის. ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამოუკიდებელი და ნეიტრალური საერთაშორისო მონიტორინგის მისიების არარსებობის პირობებში, ეს ტერიტორიები რუსეთის ფედერაციისა და მის მიერ კონტროლირებული დე ფაქტო პოლიტიკური რეჟიმების თვითნებობისა და უკონტროლობის სივრცეებად იქცა, რაც ქმედით სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს საქართველოსგან" - აცხადებენ NGO-ები და მიიჩნევენ, რომ "პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლის გაძლიერებასთან ერთად, საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები უნდა გამოიყენოს".

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 22 თებერვალს, საქართველოს მოქალაქეები - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. მომდევნო დღეს ტატუნაშვილი ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის ცნობით, მას ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სცემეს. საქართველოს სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ ტატუნაშვილი ციხეში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. დეფაქტო ცხინვალის წარმომადგენლები არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე ამ ეტაპზე უარს ამბობენ. მათი მტკიცებით, საქართველოს მოქალაქე გულის შეტევით გარდაიცვალა და რუსეთი ცხედრის "სიღრმისეულ ექსპერტიზას" ატარებს. 

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, ისინი ცხინვალის ე.წ ციხიდან გათავისუფლებულები არიან, თუმცა ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებიან და სოფელ წილკანში ვერ ბრუნდებიან.

2017 წლის აგვისტოდან ოკუპირებული ახალგორის დატოვების უფლება არ ეძლევა ჟურნალისტს და აქტივისტს თამარ მეარაყიშვილსაც, რომლის წინააღმდეგ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ მედიაში გამოქვეყნებული სტატიებისა და მისი სამოქალაქო აქტივიზმის გამო სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.

არჩილ ტატუნაშვილის გარდა, სამ წელში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ორი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2014 წელს გაუჩინარებული დავით ბაშარულის გვამი რამდენიმე თვის შემდეგ იპოვეს. 2016 წლის მაისში კი, სოფელ ხურჩაში მოკლეს საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია. მათი მკვლელობისათვის დღემდე არავინ დასჯილა.

კომენტარები