ევროპული საქართველო

ევროპული საქართველო მიხეილ ჯანელიძეს პარლამენტში, უმცირესობის სხდომაზე იბარებს

გიორგი კანდელაკი
თეორემა/ტაბულა

ევროპული საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში, უმცირესობის სხდომაზე იბარებს. პარტიის წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, უმცირესობა სთავაზობს მინისტრს მომავალი სამი კვირის განმავლობაში, მისთვის სასურველ დროს მივიდეს უმცირესობის სხდომაზე და პასუხი გასცეს აქტუალურ თემებზე დაგროვილ კითხვებს. 

,,რამდენიმე დღის წინ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯანელიძემ განაცხადა, რომ მზად არის მოვიდეს საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე და გასცეს პასუხი კითხვებს. დღეს ჩვენ გვინდა საპარლამენტო უმცირესობის სახელით მას საჯაროდ მივმართოთ და შევთავაზოთ უახლოესი სამი კვირის განმავლობაში მისთვის სასურველ დროს მოსვლა, რათა მან პასუხი გასცეს საქმიან ვითარებაში კითხვებს, რომელიც ეხება საქართველოს დეოკუპაციის და დევნილთა დაბრუნების საკითხის საერთაშორისო ასპარეზზე აქტუალიზაციის თემას, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციას, წელს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამიტი. ასევე ვიზალიბერალიზაციისთვის შესაძლო საფრთხეებს და იმას, თუ რას აკეთებს მთავრობა ამ საფრთხეების გასანეიტრალებლად და სხვა აქტუალურ თემებს, რომელზეც დღეს არსებობს კითხვები." - ამბობს კანდელაკი.

ტაბულა დაუკავშირდა საგარეო საქმეთა სამინისტროს იმის გასარკვევად, აპირებს თუ არა მინისტრი პარლამენტში მისვლას. სამინისტროს პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

კომენტარები