აფგან მუხთარლის საქმე

წულუკიანი: მუხთარლიზე საგამოძიებო კომისია წინასწარ არის განწირული უშედეგობისთვის

თეა წულუკიანი
ტაბულა

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა ეფექტური ვერ იქნება.

"აფგან მუხთარლის საქმეზე პარლამენტში თუ შეიქმნება საგამოძიებო კომისია, ვერ იქნება უფრო ეფექტური, ვიდრე საქართველოს მთავარი პროკურატურა და პროკურატურა ზოგადად. თუკი ასეთი კომისია შეიქმნება, ის წინასწარ არის განწირული უშედეგობისათვის." - ამბობს წულუკიანი. მინისტრის ამ კომენტარს პირველი არხი ავრცელებს. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ევროპული საქართველო ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში ითხოვდა. კომისიი შექმნის მოთხოვნით პარლამენტს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც მიმართა. შესაბამისი კომისიის შექმნას ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა, 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს გაირკვა, რომ ის ბაქოში დაკავებული ჰყავდათ. თუმცა მისი პასპორტი თბილისში მის ცოლს ჰქონდა. მოგვიანებით ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს.

აფგან მუხთარლის ბაქოს სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა 12 იანვარს მიუსაჯა. ჟურნალისტს ბრალად სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდის გადატანა ედება.

კომენტარები