აფგან მუხთარლის საქმე

კობახიძე მუხთარლიზე: საგამოძიებო კომისიის შექმნას სჭირდება აწონ-დაწონვა

პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისია შეიქმნას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია დეტალურად გაირკვეს თუ რა მოხდა. დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიამ პარლამენტს მოუწოდა, მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნილიყო.

"თავის დროზე აღვნიშნეთ, რომ არ გამოვრიცხავდით საგამოძიებო კომისიის შექმნას. მუხთარლის საქმე ჩვენთვის არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმე. ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, კითხვები ძალიან ხშირად ისმება, მათ შორის ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან. ესეც რომ არ იყოს, ბუნებრივია, ჩვენთვის არის, მნიშვნელოვანი, რომ გაირკვეს ბოლომდე, თუ რა მოხდა და როგორ მოხდა. აქედან გამომდინარე, პარლამენტი ამ მიმართულებით არის განსაკუთრებით დაინტერესებული. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, ამას სჭირდება აწონ-დაწონვა. ვიცით, რომ მოთხოვნა იყო, გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროდან პროკურატურაში გადასულიყო, რაც გაკეთდა და ახლა პროკურატურა იძიებს საქმეს,"- თქვა კობახიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქმის სირთულიდან გამომდინარე დამატებითი დროა საჭირო, რათა პროკურატურამ საქმე ბოლომდე გამოიძიოს.

"პროკურატურას აქვს, ბუნებრივია, თავისი სირთულეები ამ საქმის გამოძიების დროს, მათ შორის იმის გამო, რომ შეუძლებელია მუხთარლის დაკითხვა, გამოკითხვა ამ საქმესთან დაკავშირებით, რაც ართულებს, ბუნებრივია, საქმის გამოძიებას. ჩვენ შეგვიძლია, ჯერჯერობით, პროკურატურას მივცეთ დრო იმისთვის, რომ დამატებით გამოიძიოს საქმე. თუმცა, რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, ეს დღის წესრიგიდან, ზოგადად, მოხსნილი არ არის და ამ საკითხს შეგვიძლია მივუბრუნდეთ იმ შემთხვევაში, თუ დავინახავთ, რომ გამოძიება შედეგს დროულად ვერ დებს,"- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა, 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს გაირკვა, რომ ის ბაქოში დაკავებული ჰყავდათ. თუმცა მისი პასპორტი თბილისში მის ცოლს ჰქონდა. მოგვიანებით ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს.

აფგან მუხთარლის ბაქოს სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა 12 იანვარს მიუსაჯა. ჟურნალისტს ბრალად სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდის გადატანა ედება.

აფგან მუხთარლის და ლეილა მუსტაფაევას საქმეს საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოც განიხილავს. სასამართლომ საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა. მუხთარლის ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტების მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის, სულ მცირე, 10 მუხლი დაირღვა.

კომენტარები