მიხეილ სააკაშვილის დაკავება

უკრაინის სასაზღვრო სამსახური სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევებას ადასტურებს

კადრი პირდაპირი ეთერიდან

უკრაინის სასაზღვრო სამსახური მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევებას ადასტურებს. სამსახურის პრესსპიკერის ოლეგ სლობოდიანის განმარტებით, სააკაშვილი უკრაინაში უკანონოდ იმყოფებოდა. მისი თქმით, ახალი ძალების მოძრაობის ლიდერი "ყველა სამართლებრივი პროცედურის" დაცვით დააბრუნეს იმ ქვეყანაში, საიდანაც უკრაინაში შევიდა.

ოლეგ სლობოდიანის თქმითვე, სასაზღვრო სამსახურის, საიმიგრაციო სამსახურის და ეროვნული პოლიციის წარმომადგენლებმა სააკაშვილს აცნობეს გადაწყვეტილება, რომ პოლონეთში უნდა დაბრუნებულიყო. თუმცა, მისი მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის გარემოცვა თავს დაესხა სამართალდამცველებს.

ახალი ძალების მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დღეს დააკავეს. unian-ის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი საემიგრაციო სამსახურის მოთხოვნით დააკავეს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადამიანებს, ვინც სააკაშვილი დააკავა, "სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის" ფორმები ეცვათ. რესტორანში შევარდნის ვიდეო მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მაშინ ჩამოართვეს, როცა ის ქვეყანაში არ იმყოფებოდა. სააკაშვილი უკრაინაში პოლონეთიდან, 24 სექტემბერს შევიდა. კიევის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სარჩელი არ დააკმაყოფილეს, რომელიც მას საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ ჰქონდა შეტანილი, და პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრეს.

კომენტარები