ციანიდის საქმე

სააპელაციო სასამართლო "ციანიდის საქმეზე" გადაწყვეტილებას 13 თებერვალს გამოაცხადებს

ნეტგაზეთი

სააპელაციო სასამართლო ე. წ. ციანიდის საქმეზე გადაწყვეტილებას 13 თებერვალს, 12.00 საათზე გამოაცხადებს. ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის შეფასებით, სწორედ ხვალ გამოჩნდება, "რა არის ქართული სასამართლო და რამდენია მისი დამოუკიდებლობის ხარისხი".

ადვოკატის თქმითვე, თუ სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, დაცვის მხარე საქმეს შემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. მანვე აღნიშნა, რომ "საქმე გაცდება ქვეყნის ფარგლებს, მას განიხილავს ევროპული სასამართლო, სადაც დარწმუნებული ვარ, ჩვენი სიმართლე დამტკიცდება“.

ე.წ. ციანიდის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილების მისაღებად 7 თებერვალს გავიდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა. თავად მამალაძის თქმით, მას პატრიარქის მკვლელობის მომზადების აღიარებას სთხოვდნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბესიკ ბუგიანიშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვევთა შეუფარდა. 

კომენტარები