აშშ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა

Getty Images

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. სახელმწიფო უწყებები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.

წარმომადგენელთა პალატაში პროექტი 240 ხმით 186-ის წინააღმდეგ მიიღეს. ბიუჯეტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა.

გუშინ, იმის გამო, რომ კონგრესმა პროექტი ვერ დაამტკიცა, აშშ-ის სახელმწიფო უწყებებმა მუშაობა შეაჩერეს. ეს მიმდინარე წელს მთავრობის მუშაობის შეჩერების უკვე მეორე შემთხვევა იყო. მოლაპარაკებები მთელი დღის მანძილზე გაგრძელდა.

ახალი საბიუჯეტო გეგმით თავდაცვის ხარჯები და ჯადაცვისა და ინფრასტრუქტურისათვის გამოყოფილი თანხები საგრძნობლად გაიზრდება. შეუთანხმებლობა სწორედ გაზრდილ ხარჯებს მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ დაფინანსების არარსებობის გამო სახელმწიფო უწყებების მუშაობა 20 იანვარს 3 დღით შეჩერდა და სახელმწიფო უწყებების თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში იყვნენ, ხოლო თეთრის სახლში შესულ ზარებს ავტომოპასუხე პასუხობდა და მოქალაქეებს აცნობებდა, რომ სენატში დემოკრატებმა მთავრობის დაფინანსების საკითხი მძევლად აიყვანეს, მათ შორის არმიის და ეროვნული უსაფრთხოების დაფინანსებაც, რისი მიზეზიც მიგრაციის საკითხზე შეუთანხმებლობა გახდა.

უთანხმოება იმ არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის გეგმას მოჰყვა, ვინც აშშ-ში მაშინ გადავიდნენ, როდესაც არასრულწლოვნები იყვნენ. ე.წ. Dreamers-ის პროგრამა მათ დეპორტაციისაგან იცავდა და დროებით ლეგალურ სტატუსს ანიჭებდა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას პროგრამის გაუქმება სურს, რაც 700 000-მდე ადამიანს შეეხება.

კომენტარები