აფგან მუხთარლის საქმე

ბესელია: მუხთარლის განცხადებები კვირიკაშვილზე, ცილისწამება და სიცრუეა

ტაბულა / ტაბულა

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. ბესელიას თქმით, ის რასაც, მუხთარლი პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილზე ამბობს ცილისწამება და სიცრუეა. 

აფგან მუხთარლის განცხადებით, ის კრიმინალურმა პოლიციამ გაიტაცა და მათ უფლება საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მისცა.

"ეს იყო ცილისწამების კლასიკური მაგალითი. პრემიერმინისტრის მიმართ გაკეთებული ეს განცხადება და ბრალდება ცილისწამებლურ ხასიათს და შინაარსს ატარებს. შემიძლია გითხრათ, რომ ეს სიმართლე არ არის. ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და პრაქტიკულად ყველა პირი დაკითხულია, ვისაც თეორიულადაც შეიძლება რაიმე ინფორმაცია ჰქონდეს. ამ საკითხზე შუალედური ინფორმაციაც გასაჯაროვებული იყო და შესაბამისი პასუხისმგებელი პირები თანამდებობიდან გადადგნენ. ასეთი ბრალდება ცილისწამება და სიცრუეა. არანაირი დავალება და სახელმწიფოების უმაღლესი თანამდებობის პირებს წინასწარი შეთანხმება არ ყოფილა." - ამბობს ბესელია. 

აფგან მუხთარლის ბაქოს სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა 12 იანვარს მიუსაჯა. ჟურნალისტს ბრალად სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდის გადატანა ედება.

მანამდე კი, 31 დეკემბერს, ჟურნალისტის და, დისშვილი და ძმისშვილი ზაქათალაში, საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი მხუთავი აირით მოწამვლა გახდა.

აფგან მუხთარლი გუშინ, 8 თებერვალს, ციხიდან 2 დღით, დაღუპული დის, დისშვილების და ძმისშვილის ორმოცზე დასასწრებად გაათავისუფლეს.

აფგან მუხთარლის და ლეილა მუსტაფაევას საქმეს საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოც განიხილავს. სასამართლომ საქმეს პრიორიტეტიც მიანიჭა. მუხთარლის ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტების მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის, სულ მცირე, 10 მუხლი დაირღვა.

კომენტარები