ზამთრის ოლიმპიადა 2018

23-ე ზამთრის ოლიმპიადა - მსოფლიო მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენის მოლოდინში

Getty Images

დღეს სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგში რიგით 23-ე ოლიმპიადა სტარტს აიღებს. მასში მონაწილეობას 92 ქვეყნის 2000-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს. გახსნის ცერემონიალი ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება, რომელიც 35 ათას მაყურებელს იტევს. გახსნის ცერემონიალი თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება. 

შეჯიბრები კორეის ორ ქალაქში გაიმართება. ცენტრალური ადგილი პიონჩანგის სამთო სათხილამურო კურორტი ალპენსია იქნება, სადაც შეჯიბრებები სპოტრტის შემდეგ სახეობებში გაიმართება: სამთო სათხილამურო სპორტი, ტრამპლინი, ციგა, ბობსლეი, სკელეტონი, ბიატლონი და სხვა.

მეზობელი ქალაქი კანინი კი ძირითადად იმ სახეობებს უმასპინძლებს, რომლებიც დარბაზში ტარდება – ჰოკეი, ქერლინგი, ციგურებით რბოლა, შორტ-ტრეკი და ფიგურული სრიალი.

ეს ოლიმპიადა აქამდე ჩატარებულ შეჯიბრებებს შორის ყველაზე მასშტაბურია.

6 ქვეყანა ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობას პირველად მიიღებს: ეკვადორი, ერითრეა, კოსოვო, მალაიზია, ნიგერია და სინგაპური. 

2018 წლის ოლიმპიადაზე ზამთრის ოლიმპიადაზე სპორტის 15 სახეობაში 100-ზე მეტი მედალი გაიცემა. 

ყველაზე მრავალრიცხოვანი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებია - 242 სპორტსმენი. ამ რაოდენობის სპორტსმენი აშშ-მ ოლიმპიადაზე პირველად გაუშვა. 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაზე ქვეყნის ოლიმპიურ ნაკრებში 222 ათლეტი იყო. 

2018 წლის ზამთრის ოლიმპიადისთვის მომზადება სამხრეთ კორეის მთავრობას 13 მილიარდი დოლარი დაუჯდა. თუმცა, რა თქმა უნდა, ქვეყანა ასევე დიდ შემოსავალს მიიღებს ტრანსლაციის ლიცენზიის, ასევე ბილეთების გაყიდვით, ტურიზმით და საერთაშორისო სპონსორების მეშვეობით. შედარებისთვის, 2014 წლის სოჭის ოლიმპიადა 22 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდა მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად განსაზღვრული ბიუჯეტი 5 მილიარდი იყო. 

ყველაზე მრავალრიცხოვანი დელეგაცია ჩრდილოეთ კორეას ჰყავს - 280 წევრი. მათ შორისაა 229 გულშემატკივარი, 4 ოფიციალური პირი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიდან, 26 ათლეტი და 21 ჟურნალისტი. შეჯიბრებებზე ჩრდილოეთ კორეის სახელით 10 ათლეტი გამოვა, ხოლო 12 ჩრდილოეთ კორეელი სპორტსმენი ყინულის ჰოკეის ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ერთობლივ ნაკრებში იასპარეზებს.

ამ დრომდე გაურკვეველია რუსეთის დელეგაციის ბედი - რუსული ოლიმპიური ნაკრების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2017 წლის დეკემბერში მიიღო. მიზეზი დოპინგის მოხმარება გახდა, რუსეთს ასევე ბრალი დასდეს 2011-2015 წლებში დოპინგის სისტემის დაფინასნებაში.

ეს სრული აკრძალვა არ ყოფილა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ამ გადაწყვეტილების შემდეგ დოპინგ-ტესტი 169 სპორტსმენმა გაიარა და მათ 2018 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება მისცეს, თუმცა ისინი არ იქნებიან რუსეთის წარმომადგენლები, არ გამოიყენებენ რუსეთის დროშას და მათი გამარჯვების შემთხვევაში არც რუსეთის ჰიმნი გაჟღერდება

კიდევ 47 რუს სპორტსმენს კი ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარი ეთქვა. მათ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელიც სპორტის სამყაროში უმაღლესი იურიდიული ორგანოა. საარბიტრაჟო სასამართლომ მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინა. გადაწყვეტილება სულ რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი. 

საქართველოს დელეგაცია 4 წევრით არის წარმოდგენილ:

ნინო წიკლაური - 24 წლის სამთო-მოთხილამურე;

იასონ აბრამიშვილი - 29 წლის სამთო-მოთხილამურე;

მორის ყვითელაშვილი - 22 წლის მოციგურავე;

გიორგი სოღოიანი - 20 წლის მოციგავე;

2018 წლის ზამთრის ოლიმპიადა 16 დღეს გაგრძელდება და 25 თებერვალს დაიხურება. 

კომენტარები