ჰილარი კლინტონი

FBI-ს ინფორმატორი: რუსეთი კლინტონზე გავლენის მოსახდენად მილიონობით დოლარს რიცხავდა

ჰილარი კლინტონი

Uranium One-თან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში FBI-ს ინფორმატორმა კონგრესის კომიტეტისადმი წერილობით განცხადებაში თქვა, რომ რუსეთმა ამერიკაში მილიონობით დოლარი გადაგზავნა იმ მოლოდინით, რომ ეს გავლენას მოახდენდა ჰილარი კლინტონზე და აშშ-რუსეთის ურთიერთობაზე.

The Hill-ის მიერ მოპოვებულ დუგლას კემპბელის განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვმა ამერიკული ლობისტური ფირმა APCO იმიტომ დაიქირავა, რომ მას ობამას ადმინისტრაციაზე, კონკრეტულად კი ჰილარი კლინტონზე გავლენის მოხდენა შეეძლო. კემპბელის ინფორმაციით რუსეთის მიერ კომპანიისათვის ყოველწლიურად გადარიცხული 3 მილიონი აშშ დოლარი ბილ კლინტონის გლობალური ინიციატივის საქველმოქმედო კამპანიას უნდა დახმარებოდა და ამგვარად უზრუნველყო ობამას ადმინისტრაციის მხრიდან Uranium One-ზე სასურველი გადაწყვეტილების მიღება.

APCO რუსეთისათვის მუშაობასა და კლინტონის გლობალური ინიციატივის დახმარებას შორის კავშირს უარყოფს. ისინი ასევე უარყოფენ, რომ Uranium One-ის საკითხი მათი ლობირების სფეროში შედიოდა და აცხადებენ, რომ მათი ფოკუსი მარეგულირებელ საკითხებზე იყო იმისათვის, რომ რუსეთს აშშ-ში ბირთვული საწვავის კონტრაქტებისთვის კონკურენციის უკეთ გაწევა შეძლებოდა.

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს კემპბელის განცხადებებში ეჭვი შეაქვთ. ჰილარი კლინტონის სპიკერის თქმით ბრალდებები ტრამპის კამპანიის რუსეთთან შეთქმულების თაობაზე მიმდინარე გამოძიებიდან ყურადღების გადატანას ემსახურება.

შეგახსენებთ, რომ Uranium One კანადური ურანის მომპოვებელი კომპანიაა რომელიც ავსტრალიაში, კანადაში, ყაზახეთში, სამხრეთ აფრიკაში და აშშ-ში მოქმედებს. 2013 წელს რუსეთის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულმა კომპანია Rosatom-მა შვილობილი კომპანიის ARMZ Uranium Holding-ის მეშვეობით 1.3 მილიარდ აშშ დოლარად შეიძინა. ვინაიდან ურანი ეროვნული უსაფრთხოებისათვის სტრატეგიულ აქტივად განიხილება 2017 წელს საქმის შესასწავლად გამოძიება დაიწყო.

გარდა ამისა Uranium One-ის შეთანხმებამ Rosatom-ს ამერიკის ურანის მოპოვების 20%-ზე კონტროლი მისცა. შეთანხმება 2010 წელს ამერიკაში უცხოური ინვესტიციის კომიტეტმა ერთხმად დაამტკიცა. კომიტეტის წევრებსშორის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებიც იყვნენ, რომელსაც იმ პერიოდში ჰილარი კლინტონი ხელმძღვანელობდა.

კემპბელის თქმით რუსული ატომური ინდუსტრიის მიერ ამერიკის ტერიტორიაზე მოსყიდვების და შანტაჟის სქემის შესახებ მან FBI-ს ინფორმაცია მანამდე მიაწოდა, სანამ ობამას ადმინისტრაციამ Rosatom-ის საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები