კომუნიკაციები

ბილაინი ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც სახელმწიფოს ტენდერში მონაწილეობა მიიღო

ბილაინი

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერში 260 ათასი საჯარო მოხელისთვის სატელეფონო მომსახურების გაწევაზე წინადადებების მიღება დასრულდა. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ - ბილაინმა (შპს ვიონი საქართველომ) მიიღო, ამ დროისთვის წინადადებათა განხილვა მიმდინარეობს.

ტენდერში არ მონაწილეობენ ჯეოსელი და მაგთიკომი. ამის მიზეზად ისინი სახელმწიფოს მიერ დადგენილ სატენდერო პირობებსა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან მიღებულ წერილს ასახელებენ. საქმე იმაშია, რომ კომუნიკაციების კომისია სწავლობს ითვალისწინებს თუ არა მთავრობის მიერ გამოცხადებული ტენდერი კომპანიების მხრიდან ზოგიერთი აბონენტის ხარჯზე სხვა აბონენტებისთვის ტარიფის სუბსიდირებას, რაც კანონმდებლობის მიხედვით აკრძალულია.

ელექტრონული კომუნიკაციების კანონის 33-ე მუხლში წერია:

"მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია არ დაუშვას კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები, მათ შორის, მომხმარებელთა რომელიმე ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა ან მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე", - წერია კანონში.

მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებად სწორედ მაგთი და ჯეოსელი ითვლებიან.

საინტერესოა ის გარემოება, რომ 2017 წელსაც ბილაინი იყო ერთადერთი კომპანია, რომელმაც ტენდერში მიიღო მონაწილეობა. თუმცა მაშინ შესყიდვების სააგენტომ ბილაინს დისკვალიფიკაცია მისცა, რისი მიზეზიც სატენდერო პირობებთან შეუსაბამობა იყო. 

სატენდერო პირობები ასეთია:

  • მობილური ქსელით წარმატებულად განხორციელებული ზარების პროცენტული მაჩვენებელი უნდა იყოს 95%-ზე მეტი, რაც დადასტურებული უნდა იქნეს მიმწოდებლის მიერ;
  • 2G/GSM ქსელის მიერ გასხივებული სიგნალის დონე მეტი ან ტოლი უნდა იყოს - 90dBm-ის პრეტენდენტის მიერ განცხადებული 2G/GSM ქსელის დაფარვის ზონის 95% ფართობზე;
  • 4G/LTE ქსელის მიერ გასხივებული სიგნალის დონე მეტი ან ტოლი უნდა იყოს -100dBm-ის (მიმწოდებლის მიერ განცხადებული 4G/LTE დაფარვის ზონის 60% ფართობზე);

სრული სატენდერო პირობები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

კომენტარები