კრიმინალი

შსს: ლომთათიძის ქუჩაზე მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ

flickr

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გაიხსნა.

უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, რომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, მიმდინარე წლის 4 თებერვალს თბილისში, ჭოლა ლომთათიძის ქუჩაზე, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ნაცნობს - 1980 წელს დაბადებულ დ.ქ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებული - თბილისში დააკავეს", - აცხადებენ უწყებაში. 
 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისში, ლომთათიძის ქუჩაზე 40 წლამდე მამაკაცი გუშინ, 5 თებერვალს მოკლეს. მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი ნიღბიანმა პირმა ჩაცხრილა.

კომენტარები