ტერორიზმი

პარიზის და ბრიუსელის ტერაქტებში ბრალდებულის სასამართლო პროცესი იწყება

The Guardian

ბელგიაში პარიზსა და ბრიუსელში მომხდარ ტერორისტულ აქტებში მონაწილე სალაჰ აბდესლამის სასამართლო პროცესი იწყება. მას ბრალად ტერორიზმი ედება.

სალაჰ აბდესლამი 2016 წლის მარტში ბრიუსელში დააკავეს. ის ბრიუსელის გარეუბანში ერთ-ერთ ბინაში იმალებოდა, რომელზეც ბელგიის პოლიციამ რეიდი განახორციელა. სროლის შედეგად მოკლეს ერთი ტერორისტი და დაშავდა 3 პოლიციელი. აბდესლამმა გაქცევა მოახერხა თუმცა 3 დღეში დააკავეს.

საფრანგეთის მოქალაქე 28 წლის აბდესლამი პარიზიდან ბელგიაში 2015 წელს გაიქცა. მას 2015 წლის ნოემბერში პარიზში მომხდარ ტერორისტულ აქტში მონაწილეობა ედება, რომელსაც 130 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა სამასზე მეტი ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 13 ნოემბერს პარიზში სტადიონთან, სადაც საფრანგეთი-გერმანიის საფეხბურთო მატჩი მიმდინარეობდა, რომელსაც 80,000 ადამიანთან ერთად საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდიც ესწრებოდა თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. აფეთქების შემდგომ ტერორისტული დაჯგუფების წევრებმა ცეცხლი გასხნეს პარიზის სხვადასხვა რესტორანსა და კაფეში. ბატაკლანის თეატრზე თავდასხმას 89 ადამიანი ემსხვერპლა.

აბდესლამი იმ დაჯგუფებასთანაცაა დაკავშირებული, რომელმაც 2016 წლის მარტში ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში ტერორისტული თავდასხმები განახორციელა. ამ თავდასხმებს 32 ადამიანი ემსხვერპლა.

პოლიციამ აღმოაჩინა წერილი, რომელიც სავარაუდოდ აბდესლამმა დაწერა. წერილში ის ამბობს, რომ პარიზში თავის "ძმებთან" ერთად სურდა სიკვდილი, თუმცა მისი შაჰიდის ქამარი დეფექტური აღმოჩნდა. ამიტომ გადაწყვიტა სხვა ტერორისტულ დაჯგუფებას შეერთებოდა.

აბდესლამი ტერორისტულ აქტებში მონაწილე ჯიჰადისტური დაჯგუფების უკანასკნელი ცოცხალი წევრია და ის სასამართლოს წინაშე დაკავებიდან პირველად წარსდეგება.

ამ დრომდე ის დუმილის უფლებას იყენებს და გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს.

აბდესლამთან ერთად გაასამართლებენ ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირში ბრალდებულ 24 წლის ტუნისელ სოფიან აიარსაც.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 40 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. გამოძიების მიხედვით თავდასხმა სირიაში დაიგეგმა.

კომენტარები