ყაზახეთი

ყაზახეთმა შექმნა სპეციალური ეკონომიკური ზონა, სადაც ბრიტანული სამართალი მოქმედებს

Reuters

ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ბრიტანელი მოსამართლეების დანიშვნის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. ამ გადაწყვეტილების შედეგად ძალაში შევიდა ყაზახეთის კონსტიტუციის მუხლი, რომელიც ქვეყანაში ახალი ტიპის სასამართლო სისტემის მოქმედებას განსაზღვარს. ბრიტანული სამართალი ასტანის საერთაშორისო საფინანსო ცენტრის (AIFC) ტერიტორიაზე იმოქმედებს. 

ახალი სასამართლოს თავმჯდომარედ ყაზახეთმა 2000-2005 წლებში ინგლისისა და უელსის სასამართლოს თავმჯდომარე (Lord Chief Justice of England and Wales) ლორდი ჰარი კენეტ ვულფი მიიწვია. ახალი სასამრთლოს სხვა წევრებიც გაერთიანებული სამეფოს სასამართლოს ყოფილი მაღალჩინოსნები არიან.

AIFC-ის ტერიტორიაზე ახალ სასამართლოსთან ამოქმედდა სპეციალური საარბიტრაჟო სასამართლოც. ორივე უწყება სპეციალური ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე არსებულ კომპანიებს შორის არსებულ დავებს გადაწყვეტს. 

ყაზახეთის მთავრობამ სპეციალური საფინანსო ზონის და მასში ბრიტანული სასამართლოს დაწესების გადაწყვეტილება საერთაშორისო ინვესტიციების მოსაზიდად გააკეთა და ის ყაზახეთის ეკონომიკის მოდერნიზაციის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია.

AIFC-ის სასამართლო ორპალატიანი იქნება, პირველი პალატა ყაზახი მოსამართლეებით არის დაკომპლექტებული, მათ ანგლო-ამერიკულ სამართლის სისტემაში გადამზადება აქვთ გავლილი. სასამართლოს მეორე, სააპელაციო პალატას კი ლორდი ჰარი კენეტ ვულფი უხელმძღვანელებს. 

"პრეზიდენტმა გამოხატა მკაფიო მისწრაფება იმისა, რომ მას უნდა შექმნას ახალი სისტემა. მას უნდა რომ მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ ყაზახეთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში მოქმედებს ბრიტანული სასამართლო სისტემა, რომ ის იყოს ნათელი მაგალითი წარმატებული რეფორმისა. ამავდროულად, ეს ინგლისური სამართლის სისტემის აღიარებას წარმოადგენს", - ამბობს ლორდი.


ფოტო: mfa.gov.kz

ბრიტანულ სასამართლო სისტემაზე დაფუძნებული სპეციალური სისტემა არსებობს კატარის საერთაშორისო საფინანსო ცენტრის ტერიტორიაზე, ასევე ჰონგ-კონგში, დუბაისა და აბუ დაბიში.

ლორდი ჰარი კენეტ ვულფი ამავდროულად ზემოთხსენებული კატარის საერთაშორისო საფინანსო ცენტრის სასამართლოს თავმჯდომარეცაა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობდა ქალაქ ლაზიკის ტერიტორიაზე მსგავსი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებაზე. კონსტიტუციაში შევიდა ჩანაწერი, რომლითაც ლაზიკას სპეციალური სტატუსი განისაზღვრა. მუშავდებოდა პროექტი, რომლითაც საერთაშორისო ინვესტიციების მოსაზიდად და საქართველოში სამოქალაქო დავების გადაწყვეტის ხარისხის გასაუმჯობესებლად დაფუძნდებოდა ახალი სასამართლო, რომელსაც საერთაშორისოდ აღიარებული მოსამართლეები უხელმძღვანელებდნენ. 

2012 წლის არჩევნების შემდეგ, ახალმა მთავრობამ ამ მიმართულებით მუშაობა შეაჩერა. 2017 წელს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას კი კონსტიტუციის პროექტიდან ლაზიკას შესახებ ჩანაწერი სრულად ამოიღეს. 

კომენტარები