ირანი

ირანში ჰიჯაბის ტარების გაპროტესტების გამო 29 ქალი დააკავეს

The Guardian

ირანში ჰიჯაბის ტარების გაპროტესტების გამო 29 ქალი დააკავეს. კანონი ირანელ ქალებს ჰიჯაბის ტარებას ავალდებულებს. უკანასკნელ დღეებში პროტესტის ნიშნად ქალები ჰიჯაბს იხსნიან, ჯოხზე ამაგრებენ და ქუჩაში აფრიალებენ.

თიერანის პოლიცია აცხადებს, რომ კამპანია გარედან არის წაქეზებული და ეს ქალები არალეგალური სატელიტური არხების მეშვეობით აცდუნეს.

კამპანია "თეთრი ოთხშაბათი" აშშ-ში მოღვაწე ირანელმა ჟურნალისტმა და აქტივისტმა მასიჰ ალინეჯადმა 2017 წლის მაისში წამოიწყო და ქალებს მოუწოდა კანონის გასაპროტესტებლად თეთრი თავსაბურავი ეტარებინათ , ან საერთოდ მოეხსნათ ის.

"ირანის პოლიციამ 2014 წელს გამოაცხადა, რომ მათ ჰიჯაბის ცუდად ტარების გამო გააფრთხილეს და დააპატიმრეს 3.6 მილიონი ქალი, ასე რომ, დაკავებები ახალი ამბავი არ არის და ხალხიც სწორედ მსგავს დაკავებებს აპროტესტებს." თქვა მან.

ირანმა ის ამ კამპანიისათვის საზღვარგარეთიდან დაფინანსების მიღებაში დაადანაშაულა. ალინეჯადი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ "ამერიკის ხმაში" მუშაობს, ამ კამპანიას არავინ აფინანსებს.

ირანის მთავარმა პროკურორმა პროტესტს "ბავშვური", "ემოციურად დატვირთული" და "ქვეყნის გარედან შემოტანილი" უწოდა.

პროტესტს ის ქალებიც შეუერთდნენ, ვინც ჰიჯაბს ნებაყოფლობით ატარებს, თუმცა მათ, ვისაც თავსაბურავის ტარება არ სურთ სოლიდარობას უცხადებენ.

 

კომენტარები