გურანდა გაბუნია

გურანდა გაბუნიას ჯილდო "ხელოვნების ქურუმი" გადასცეს

ტელეკომპანია იბერია

სასცენო მოღვაწეობის 60 წლისთავზე მსახიობ გურანდა გაბუნიას "ხელოვნების ქურუმის" ჯილდო გადაეცა.

მსახიობს ჯილდო კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე გადასცა.

"ქალბატონო გურანდა, თქვენ არაერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ბრძანდებით. დღეს მაქვს პატივი ამ საპატიო ნუსხას კიდევ ერთი, კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო შევმატო და კულტურის სამინისტროს სახელით გადმოგცეთ ხელოვნების ქურუმი",- მიმართა მინისტრმა მსახიობს.

31 იანვარს, გურანდა გაბუნიას იუბილესთან დაკავშირებით მარჯანიშვილის თეატრში ლევან წულაძის სპექტაკლის, "წმინდა ურჩხულების" პრემიერა შედგა. სწორედ აქ მიიღო მსახიობმა "ხელოვნების ქურუმი".

"ძალიან მიხარია, რომ თქვენთან ერთად სპექტაკლის პრემიერას ვესწრები, რომელიც ქალბატონი გურანდას 60-წლიან სასცენო მოღვაწეობას ეძღვნება. დარწმუნებული ვარ, დამსწრე საზოგადოებას ძალიან ბევრი შეუძლია ისაუბროს მის მიერ შესრულებული ათეულობით როლის შესახებ, რომლებიც ჟანრობრივად ყოველთვის ძალიან მრავალფეროვანი და ერთმანეთისგან განსხვავებული იყო, ისეთი რთული ჟანრის ჩათვლით, როგორიც სპექტაკლებია. ალბათ დამეთანხმებით, რომ ნებისმიერი არტისტისთვის ძალიან საპატიოა, როდესაც სასცენო მოღვაწეობის იუბილესთვის შენთვის სპეციალურად იდგმება სპექტაკლი. დარწმუნებული ვარ, ყველანი დამეთანხმებით, რომ ქალბატონი გურანდა თავისი პროფესიული განვლილი გზით ამას ნამდვილად იმსახურებს. ეს შევსებული დარბაზი მშობლიური მარჯანიშვილის თეატრის ამ უდიდესი სიყვარულის და პატივისვემის დამსახურებაა", - განაცხადა კულტურის მინისტრმა.

კომენტარები