ადევნება

ზუგდიდის სასამართლომ ადევნებაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო

court.ge

ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და ადევნებაში ბრალდებული ვ.ჭ. სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, ადევნების მუხლით დამნაშავედ სცნო. 

პროკურატურის ცნობით, ვ.ჭ. სოციალური ქსელისა და სხვა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, ს.შ.-ს შესახებ შეურაცხმყოფელ ინფორმაციას ავრცელებდა. შედეგად, დაზარალებული მუდმივად განიცდიდა შეურაცხყოფას, დამცირებას და შანტაჟს, რაც იწვევდა მის ტანჯვას და მუდმივი თვალთვალის გამო ვერ ახერხებდა თავისუფლად გადაადგილებას.

ადევნების მუხლი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2017 წლის 4 მაისს გაჩნდა - დასჯადი გახდა პირადად ან მესამე პირის მეშვეობით ადამიანის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ასევე, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.

ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ ვ.ჭ-ს 2-წლიანი პირობითი მსჯავრი განუსაზღვრა. ასევე, "მსჯავრდებულს დაეკისრა მოვალეობა, უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით არ დაამყაროს რაიმე ფორმით ურთიერთობა დაზარალებულთან და მისი ოჯახის წევრებთან, თავი აარიდოს მათთან შეხვედრას ნებისმიერ ადგილას, არ მოინახულოს აღნიშნული პირების საცხოვრებელი, სასწავლო და სამუშაო ადგილები, თავი შეიკავოს უშუალო და ტექნიკური საშუალებებით მათ შესახებ რაიმე ინფორმაციის გავრცელებისგან და მათი სახელების გამოყენებით რაიმე ინფორმაციის გავრცელებისგან". 

პროკურატურა აცხადებს, რომ ადევნების კრიმინალიზაციის და სისხლის სამართლის კოდექსში აღნიშნული მუხლის დამატების შემდეგ, საქართველოს მასშტაბით სისხლისსამართლებრივი დევნა 12 პირის მიმართ დაიწყო, მათგან 6 საქმე გამამტყუნებელი განაჩენით დასრულდა.

კომენტარები