კომუნიკაციები

სილქნეტი ჯეოსელს ყიდულობს

საქართველოს ტელეკომუნიკაციების ისტორიაში ყველაზე მსხვილი გარიგების შედეგად შეიქმნება ახალი კომპანია, რომელიც სილქნეტის ინტერნეტის, საკაბელო ტელევიზიის და ფიქსირებული სატელეფონო კავშირის მომსახურებას ჯეოსელის მობილურ სერვისებთან გააერთიანებს. 

სილქნეთმა ჯეოსელის შესყიდვის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

გარიგების ღირებულებამ შეადგინა 153 მლნ. აშშ დოლარი.  დაფინანსება მოხდება თიბისი ბანკისა და მის მიერ ორგანიზებული რეგიონალური ბანკების სესხითა და სილქნეტის საკუთარი კაპიტალით. 

ჯეოსელი TeliaSonera-ს ჯგუფის წევრია. TeliaSonera-მ აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უზბეკეთის, მოლდოვის, საქართველოსა და ტაჯიკეთის ბაზრის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება 2015 წელს მიიღო.

"გარიგება საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ინტეგრირებული სატელეკომუნიკაციო ოპერატორი, რომელიც ფიქსირებულ და მობილურ ქსელებს ფლობს. გაზრდილი მასშტაბი საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებთან კომპანიის უკეთეს წვდომას უზრუნველყოფს, რაც დამატებითი ინვესტიციებისა და ახალი ტექნოლოგიების მუდმივ განვითარების საშუალებას იძლევა. ჩვენი აბონენტები ამის შედეგად კიდევ უფრო დიდ სარგებელს მიიღებენ, ვინაიდან ჩვენი უმთავრესი მიზანია ქართველ მომხმარებელს მივაწოდოთ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტები, სერვისები და კონტენტი" - განაცხადა Silk Road Group-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯომარემ გიორგი რამიშვილმა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან თანხმობის მიღების შემდეგ შესყიდვის დასრულება დაგეგმილია 2018 წლის პირველ ნახევარში.

სილქნეტის შესახებ

„სილქნეტმა“ საქმიანობა 2010 წლიდან დაიწყო რამდენიმე ადგილობრივი სატელეკომუნიკაციო კომპანიის აქტივების გაერთიანების შედეგად. „სილქნეტი“ წარმოადგენს ქვეყნის უმსხვილეს ფიქსირებულ ქსელს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ინტერნეტის, მაუწყებლობის ტრანზიტის (საკაბელო ტელევიზიის) და ფიქსირებული ტელეფონიის მომსახურებას ისევე, როგორც ფიქსირებულ და მობილურ CDMA სერვისებს. 2015 წლიდან სილქნეტი მომხმარებელს 4G LTE ფიქსირებული ინტერნეტის მომსახურებას სთავაზობს და დღესდღეობით რეგიონში უმსხვილესი საბითუმო ოპერატორია. 2017 წლის აგვისტოში კომპანიამ პირველად გამოუშვა ლარში დენომინირებული საჯარო ობლიგაციები.

„სილქნეტი“1997 წელს გიორგი რამიშვილის მიერ დაარსებული „სილქ როუდ ჯგუფის“ კომპანიაა. „სილქ როუდ ჯგუფის“ აქციონერები არიან გიორგი რამიშვილი, ალექსი თოფურია  და დევიდ ბორგერი. „სილქ როუდ ჯგუფი“ არის კერძო საინვესტიციო ჯგუფი, რომელიც ოპერირებს კავკასიასა და ცენტრალური აზიაში, ხოლო საქართველოში იგი წარმოდგენილია სხვადასხვა სექტორში, მათ შორის სატრანსპორტო, უძრავი ქონების, სასტუმრო ბიზნესის, სატელეკომუნიკაციო და სხვა.

დღესდღეობით „სილქ როუდ ჯგუფის“ კომპანიებში დასაქმებულია დაახლოებით 5,000 ადამიანი. ბოლო ათი წლის განმავლობაში, „სილქ როუდ ჯგუფმა“ პარტნიორებთან ერთად საქართველოს ეკონომიკაში 500 მლნ. აშშ დოლარის ინვესტირება მოახდინა.

კომენტარები