აშშ-თურქეთი

თურქეთი: თეთრი სახლის გავრცელებული ტრამპის და ერდოღანის საუბრის შინაარსი მცდარია

ტრამპი და ერდოღანი
Daily Sabah

თეთრმა სახლმა დონალდ ტრამპსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადება გაავრცელა.

განცხადების მიხედვით პრეზიდენტებმა სირიაში, ქალაქ აფრინთან სიტუაციის დაძაბვის შესახებ ისაუბრეს. ტრამპმა თურქეთს მოუწოდა საფრთხე არ შეუქმნას საერთო მიზნებს და იმუშაოს სიტუაციის განმუხტვაზე, რათა თავიდან აიცილონ მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი. ტრამპმა ერდოღანს მოუწოდა სიფრთხილე გამოიჩინოს სამხედრო ქმედებებში, რადგან ამან შესაძლოა თურქულ და ამერიკულ ძალებს შორის დაპირისპირების რისკი გაზარდოს. აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის და თურქეთის მთავარ გამოწვევად კვლავ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დამარცხება რჩება.

განცხადების მიხედვით პრეზიდენტები 100,000 სირიელი მიგრანტის ქვეყანაში დაბრუნებას მიესალმებიან. ტრამპმა ერდოღანს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისაკენ მოუწოდა და შეშფოთება გამოთქვა თურქეთიდან მომავალი დესტრუქციული და ცრუ რიტორიკის და აშშ-ის მოქალაქეების და საელჩოს თანამშრომლების დაკავების შესახებ.

თურქული საინფორმაციოს სააგენტოების განცხადებით სატელეფონოს საუბრის თეთრი სახლის მიერ გავრცელებული შინაარსი განსხვავდება იმისაგან, რაზეც პრეზიდენტებმა სინამდვილეში ისაუბრეს. თურქული მედიისათვის მთავრობის წარმომადგენლისაგან მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით ტრამპს აფრინში სამხედრო ოპერაციის თაობაზე შეშფოთება არ გამოუთქვამს და მხოლოდ საკუთარი შეფასებების გამოხატვით შემოიფარგლა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა გასულ კვირას სირიის ქალაქ აფრინთან ოპერაცია "ზეთისხილის რტო" დაიწყო. ოპერაცია თურქეთის საზღვარზე ტერორისტულ დაჯგუფებებთან საბრძოლველად შემუშავდა. თურქეთი სირიის დემოკრატიულ ძალებში შემავალ ქურთისტანის სახალხო დაცვის შენაერთებს ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) სირიულ ფრთად და შესაბამისად ტერორისტულ დაჯგუფებად განიხილავს. თურქეთის განცხადებით მათ ოპერაციას სირიელი ამბოხებულებიც უჭერენ მხარს.

საჰაერო თავდასხმებმა 108 სამიზნე გაანადგურა, მათ შორის იარაღის საწყობები. ამის შემდეგ თურქეთმა ტერიტორიაზე ტანკები და ქვეითი ჯარი შეიყვანა.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით აფრინის შემდეგ საბრძოლო მოქმედებები სირიის ჩრდილოეთით, აშშ-ის მიერ მხარდაჭრილი ქურთული ძალების მიერ კონტროლირებად ქალაქ მანბიჯისაკენ გადაინაცვლებს.

თურქეთის პრეზიდენტის სპიკერის თქმით ოპერაცია ტერორისტების წინააღმდეგ არის მიმართული და არა ქურთების და ოპერაციის დაწყებამდე ოფიციალური მოსკოვი და ვაშინტონი გააფრთხილეს.

კომენტარები