თაღლითობა

საგამოძიებო: დაკავებულმა ორი დევნილი მოატყუა, რომ თანხის სანაცვლოდ ბინას გადასცემდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მოქალაქეთა კუთვნილი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ ორ პირს დაუკავშირდა, მოიპოვა მათი ნდობა და მოტყუებით დაარწმუნა ისინი, რომ შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მაღალჩინოსნების დახმარებით, დევნილთათვის განკუთვნილ საცხოვრებელ ფართს საკუთრებაში გადასცემდა. აღნიშნული თაღლითური განზრახვით, ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა საერთო ჯამში 3500 აშშ დოლარს", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები