თაღლითობა

აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ისტორიის შექმნას პირდებოდნენ – POG-მა 3 პირი დააკავა

პროკურატურის ცნობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობის, საქართველოს მოქალაქისთვის უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობისა და ორგანიზების, ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტებზე 3 პირი დააკავეს და 6 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს. 

უწყების ცნობით, პროკურატურისა და აშშ-ს საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლენილია 2 ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი.

განცხადების თანახმად, ბრალდებულები საქართველოს მოქალაქეებს თანხის სანაცვლოდ, აშშ-ში  თავშესაფრის მისაღებად საჭირო ისტორიის შექმნასა და სასამართლოში მხარდაჭერას პირდებოდნენ. უწყების ცნობით, ჯგუფის წევრები მოქალაქეებს აშშ-ს გარდა კანადის ვიზის მიღებაში დახმარებასაც პირდებოდნენ.

"გამოძიებით დადგენილია, რომ აშშ-ში საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების შედეგად აშშ-ს საზღვრის გადაკვეთა გართულდა, აღნიშნულის გამო საქართველოს 4-მა მოქალაქემ დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბა. წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად ისინი ამერიკაში თავშესაფრის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს მოიძიებდნენ და მათ თავშესაფრის მისაღებად საჭირო ისტორიის, ე.წ. "ქეისის" შექმნას, მტკიცებულებების შეგროვებას და სასამართლოში მხარდაჭერას პირდებოდნენ.

საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია საქართველოს 366 მოქალაქის ვინაობა, რომლებმაც აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს მიმართეს.

ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ე.წ. "ქეისებში" არარსებულ ისტორიებს წერდნენ, თუ როგორ დევნიდნენ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიებზე სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, პოლიტიკური შეხედულებების თუ სექსუალური ორიენტაციის გამო, აღნიშნული ისტორიების გამყარების მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს და სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხებს იღებდნენ. კერძოდ, ყალბი ე.წ. "ქეისის" შედგენის სანაცვლოდ 1 000-დან 1 5000 აშშ დოლარამდე თანხას, ხოლო ყალბი დოკუმენტების დამზადებითვის 3 000 აშშ დოლარს. გარდა მითითებული თანხებისა, თავშესაფრის მაძიებლის საქმის წარმოებისა და წარმატებით დასრულებისთვის თითოეული მოქალაქისგან ითხოვდნენ და იღებდნენ დამატებით 6 000-დან 8 000 აშშ დოლარამდე თანხას.

ასევე, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი აშშ-ში ჩასულ და საემიგრაციო პატიმრობაში მყოფ ქართველებს დახმარებას ჰპირდებოდნენ, სანაცვლოდ კი დიდი ოდენობით თანხას ითხოვდნენ. ბრალდებულები 4 მოქალაქის კუთვნილ 10 000 აშშ დოლარს დაეუფლნენ, თუმცა მათ საქართველოს მოქალაქეებს დახმარება არ გაუწიეს.

გარდა ამისა, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საქართველოს მოქალაქეებს კანადის ვიზის მიღებაში დახმარებასაც ჰპირდებოდნენ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ფარგლებში, ერთ-ერთმა ბრალდებულმა, კანადის ვიზის მიღებაში დახმარების მიზნით, 800 აშშ დოლარის სანაცვლოდ, პროკურატურის ოპერატიულ თანამშრომელს დაუმზადა ყალბი საბანკო ამონაწერი, ცნობა სამსახურის თაობაზე, თითქოსდა, ეს უკანასკნელი დასაქმებული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა ყალბი დოკუმენტაცია". - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

რაც შეეხება ყალბი დოკუმენტების დამზადებას, უწყების ცნობით საუბარია მეორე ორგანიზებულ ჯგუფზე, რომლებიც ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მოქალაქეებს აშშ-ს ვიზის მიღებაში ეხმარებოდნენ. ყველა მოქალაქეს, რომლებაც ჯგუფის წევრები ეხმარებოდნენ ვიზა გაუუქმდა. 

"საქართველოს პროკურატურის და აშშ-ს საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, ასევე გამოვლენილია კიდევ ერთი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მოქალაქეებს ამერიკის ვიზის მიღებაში ეხმარებოდა. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სოციალური ქსელის სხვადასხვა პლატფორმაზე განათავსეს განცხადებები, რომლითაც ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრების მსურველ პირებს ვიზის მიღებაში დახმარებას სთავაზობდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოქალაქეებს ეუბნებოდნენ, რომ აპლიკაციის შევსებისთვის საჭირო თანხის გარდა, ვიზის მიღებამდე თანხის გადახდა არ მოუწევდათ. ვიზის მიღების შემთხვევაში კი 10 000-დან 15 000 აშშ დოლარამდე უნდა გადაეხადათ.

ჯგუფის წევრებმა საქართველოს 65 მოქალაქეს ამერიკის საელჩოში წარსადგენად, დაუმზადეს და გადასცეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, რომელთა გამოყენებითაც მოქალაქეთა ნაწილმა შეძლო ვიზის მიღება. ვიზის მიღების შემდეგ მათ 112 000 აშშ დოლარი ხელზე გადასცეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს.

მას შემდეგ, რაც წარმოშობილი ეჭვების საფუძველზე საელჩომ დოკუმენტების ნაწილი გადაამოწმა, გამოვლინდა დანაშაულებრივი ჯგუფის სიყალბე, რის გამოც ყველა მოქალაქეს, ვისაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ეხმარებოდნენ, ვიზა გაუუქმდა. მიუხედავად აღნიშნულისა, 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ფინანსური სარგებლის სახით მოქალაქეებისგან მიიღეს 142 786.43 აშშ დოლარი, 15 095 ლარი და 1 560 ევრო". - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილით (პირის მიერ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენისთვის ან/და პირის მიერ ამავე მიზნით უცხო ქვეყანაში საერთაშორისო დაცვის მისაღებად საქართველოს მოქალაქის მიერ მისი უფლებების ან თავისუფლებების დარღვევის თაობაზე წინასწარი შეცნობით მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობა/ორგანიზება, ორი ან მეტი პირის მიმართ, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ), 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი სხვა ოფიციალური დოკუმენტის, დამზადება, გასაღება) ფაქტზე წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათივე ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება როგორც აღნიშნულ ფაქტებზე, ასევე სხვა ეპიზოდებში მონაწილე პირთა დადგენის და გამოვლენის მიზნით.

კომენტარები