ახმედ ჩატაევის დახმარების ბრალდებით დაკავებულ კიდევ ერთ ადამიანს, ანატოლი ბერძენიშვილს, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. საქმე ტერორისტებისათვის და ტერორისტული ორგანიზაციისათვის მომსახურების გაწევასა და რესურსებით უზრუნველყოფას ეხება.
"სასამართლომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, ბრალდებულის მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მიმალვისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეთა გათვალისწინებით, განზრახი, განსკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენისათვის ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა," - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.
ანატოლი ბერძენიშვილი 22 იანვარს დააკავეს. სუს-ის ცნობით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილი იყო, რომ ანატოლი ბერძენიშვილი თურქეთში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად ჩავიდა .
"დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან ერთად, ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს დახმარება გაუწია თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე გადაადგილებაში" - აცხადებდა უსაფრთხოების სამსახური.
თავად ზურაბ გორნიკაშვილი სუს-მა პანკისის სპეცოპერაციის დროს, ხოლო ზურაბ იდოიძე - 9 იანვარს დააკავა.
უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, "საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ამოღებული ახმედ ჩატაევის კუთვნილი კომპიუტერიდან და სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობებიდან მოპოვებულია აუდიო ჩანაწერები. ჩანაწერების მიხედვით, ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში. მათ მიზანს დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმები წარმოადგენდა".
დაკავებულების მიმართ საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას გულისხმობს ტერორისტული ორგანიზაციის მიერ და/ან რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. დანაშაული 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.