ახმედ ჩატაევის საქმე

ვინ არის ახმედ ჩატაევი, რომელიც ერთერთი ვერსიით, 22 ნოემბრის სპეცოპერაციისას მოკლეს

განახლება 01.12.2017: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულთა შორის ერთერთი ახმედ ჩატაევია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, "დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 და ლიკვიდირებულია 3 წევრი". ძალოვანი სტრუქტურები აქამდე არ ასაჯაროებენ ინფორმაციას მოკლულების ვინაობის და მოქალაქეობის შესახებ. დღეს, 23 ნოემბერს მხოლოდ ის გახდა ცნობილი, რომ დაკავებულს ბრალი საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის წარედგინა და რომ, ის რუსეთის მოქალაქეა. პროკურატურა საქმეზე "დამატებითი ინფორმაციას გავრცელებას" ხვალ, 24 ნოემბერს გვპირდება.

თუმცა, მეორე დღეა, ვრცელდება ინფორმაცია, მათ შორის, თურქულ მედიაში, რომ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ლაფანყურის სპეცოპერაციის ერთ-ერთი მონაწილე, ISIS-ის რუსულენოვანი ქვედანაყოფის, "იარმუკის ბატალიონის" უფროსი, აშშ-ის მიერ საერთაშორისო ტერორისტთა სიაში შეყვანილი ახმედ ჩატაევი და მისი დაცვის წევრები მოკლეს. აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო უწყებებს, მათ შორის, შს მინისტრ გიორგი გახარიას ეს ინფორმაცია პირდაპირ არ უარუყვია.

"ეს არის ვერსიები და ინტერპრეტაციები, იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ შინაარსობრივად, უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და ექსპერტიზის დასრულებას" - ასე უპასუხა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას, 22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დაღუპულთა შორის არის თუ არა ლაფანყურის სპეცოპერაციის მონაწილე ახმედ ჩატაევი, რომელსაც რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტი ISIS-ის მებრძოლების ხელმძღვანელს უწოდებდა.

ეთნიკურად ჩეჩენი, რუსეთის მოქალაქე ახმედ ჩატაევი, იგივე "ცალხელა ახმედი“ წინა ხელისუფლების დროს საქართველოს რეკრუტირებული აგენტი იყო. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გია ლორთქიფანიძის ინფორმაციით, ჩატაევი თავდაპირველად კარგი ინფორმატორი და მომლაპარაკებელი იყო საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის ისლამისტურ იატაკქვეშეთის დაჯგუფებებს შორის. ჩატაევის დახმარებით, საქართველოში რამდენიმე ტერორისტული თავდასხმა აღკვეთეს. თუმცა შემდგომ, ლორთქიფანიძის თქმით, ჩატაევმა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედება დაიწყო. კერძოდ, 2012 წლის 28 აგვისტოს ჩატარდა ლაფანყურის სპეცოპერაცია. შს ყოფილი მინისტრის თქმით, ლაფანყურის ტყის მასივში შეიარაღებული პირები იყვნენ, რომლებიც რუსეთის საზღვრისკენ მიდიოდნენ. ლორთქიფანიძე ამბობს, რომ მათთან მოსალაპარაკებლად ჩატაევი გაუშვა, რადგან შეიარაღებული პირები მას უფრო მოუსმენდნენ.

„ჩატაევმა განაცხადა, რომ ის არის მუსულმანი და ვერ დატოვებს თავის მუსულმან ძმებს და იძულებულია, დარჩეს და მანაც მიიღოს ყველა იმ მოვლენებში მონაწილეობა, რომელიც შემდეგ განვითარდებოდა. მე განვუმარტე, რომ, თუ დარჩებოდა, ის გახდებოდა შეიარაღებული ჯგუფის წევრი და მის მიმართაც გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიება,“ - უთხრა The Daily Beast-ს ლორთქიფანიძემ, 2016 წელს.

ლაფანყურის სპეცოპერაციის შედეგად, ახმედ ჩატაევიც დააკავეს. მას ბრალად ედებოდა ასაფეთქებელი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რაც ითვალისწინებდა 3-დან 5 წლამდე პატიმრობას. ამჟამინდელი სახალხო დამცველი, ადამიანის უფლებათა ცენტრის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი აცხადებდა, რომ "ჩეჩნეთიდან ლტოლვილი ახმედ ჩატაევი უდანაშაულოა და საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პატიმრობიდან დროულად უნდა გაათავისუფლოს“.

ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, მაშინდელი ოპოზიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ეჭვობდა, რომ "რაღაც ხდება, რაც შეიძლება იყოს ავანტიურა ჩვენი ხელისუფლების". ასევე, მისთვის გაუგებარი იყო, "რა საჭირო იყო პირველივე დღეს ცეცხლის გახსნა და რატომ შევიდნენ ძალადობაზე". ივანიშვილი ლაფანყურის ოპერაციის დროს დაღუპულების ოჯახებს საქმის გამოძიებას პირდებოდა. ასევე ამბობდა, რომ სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირებიდან, ორი მათგანი - ქართული ოცნების მხარდამჭერი იყო. 

ლაფანყურის სპეცოპერაციას "სააკაშვილის პროვოკაციად" აფასებდა მაშინდელი ექსპერტ-კონფლიქტოლოგი, შემდეგში კი, შერიგების და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

"ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ხელისუფლება გარკვეულწილად შეკრულია ჩეჩნური მოძრაობის ლიდერებთან და მგონი თავად დადგეს ეს სპექტაკლი - დრო გავა და დავამტკიცებთ ამას, იმდენად ცნობილია ჩემთვის სააკაშვილის სტილი. ხელისუფლება რომ შეიცვლება. ძალიან ბევრ პროვოკაციას ფარდას ავხდით და ვაჩვენებთ საზოგადოებას, რომ ეს ყველაფერი იყო დადგმული", - უთხრა ახალ თაობას ზაქარეიშვილმა.

ხელისუფლების ცვლილებიდან ორ თვეში, 2012 წლის 6 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნით, ახმედ ჩატაევი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 2013 წლის 18 იანვარს კი, "დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო", მთავარმა პროკურატურამ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. ჩატაევს გირაოს სახით გადახდილი 5 000 ლარიც უკან დაუბრუნდა. 2013 წლის ბოლოს მან ქვეყანა დატოვა, ორ წელიწადში კი, ცნობილი გახდა, რომ ჩატაევი ISIS-ს შეუერთდა.

მას შემდეგ, რაც 2016 წლის ზაფხულში ათათურქის აეროპორტში მომხდარ ტერაქტში სავარაუდო ბრალდებულად ახმედ ჩატაევი გამოიკვეთა, ხელისუფლების მოქმედი თუ ყოფილი წევრები ალაპარაკდნენ იმაზე, თუ რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო პროკურატურამ, როცა ჩატაევის მიმართ დევნა შეწყვიტა.

„ჩვენ მოვიშორეთ ჩატაევი, როგორც პრობლემა... ჩვენ ის გავუშვით, ჩვენ არა - სასამართლომ გაუშვა. წავიდა ის თურქეთში, ხელებიც დაგვიბანია,“ - ასეთი იყო თავდაცვისა და უშიშროების თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის პოზიცია მაშინ. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კი ამბობდა, რომ ის გათავისუფლებამდე სვამდა კითხვებს ახმედ ჩატაევის თემასთან დაკავშირებით და მიიჩნევდა, რომ მისი გათავისუფლება ნაადრევი იყო. წულუკიანი პასუხისმგებლობას არჩილ კბილაშვილის პროკურატურას აკისრებდა. მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე სახელმწიფო საიდუმლოსა და საიდუმლო აგენტებს ეხებათ, „მეტისმეტი ენაწყლიანობა ქვეყანას ავნებს".

ვინ არის ახმედ ჩატაევი?

The Daily Mail-ის ბრიტანული გამოცემის ცნობით, "ცალხელა ახმედი“ ამტკიცებდა, რომ მას მკლავი ციხეში ყოფნის დროს მოაჭრეს, თუმცა სხვა წყაროები, რუსეთის მთავრობაზე დაყრდნობით, წერდნენ, რომ ჩატაევმა მკლავი ჩეჩნეთის მეორე ომში დაკარგა. 2003 წელს ჩატაევმა რუსეთი დატოვა და ავსტრიაში გადავიდა, სადაც თავშესაფარი მიიღო. მალევე მან ავსტრიის მოქალაქეობაც მიიღო, რაც ჩატაევს ევროპის მასშტაბით ნებისმიერ ქვეყანაში გადაადგილების საშუალებას აძლევდა.

2008 წელს ჩატაევი შვედეთში 1 წლით დააკავეს. მიზეზად კი, პოლიციელების მიერ მის მანქანაში კალაშნიკოვის შაშხანებისა და ასაფეთქებელი ნივთერებების აღმოაჩენა სახელდება. ამ ინფორმაციას The Daily Mail აქვეყნებდა. სხვა სააგენტოები კი, რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერდნენ, რომ გათავისუფლების შემდეგ, ჩატაევი უკრაინაში წავიდა, სადაც 2010 წელს ისევ დააკავეს. ამჯერად მიზეზი მის მობილურში აღმოჩენილი ფაილები იყო, რომლებიც შეიცავდა ასაფეთქებელი ტექნიკის გამოყენების მეთოდებსა და გარდაცვლილი ადამიანების სისხლიან ფოტოებს. თუმცა, ევროპის ადამიანთა უფლების სასამართლომ საერთაშორისო ამნისტიასთან ერთად მისი რუსეთისთვის გადაცემა გააპროტესტა.

საერთაშორისო ამნისტია წერდა, რომ ჩატაევი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და მისთვის რუსეთში დაბრუნება, შესაძლოა, წამების რისკებთან იყოს დაკავშირებული. NSNBC International კი, აღნიშნავდა, რომ უკრაინა არ აპირებდა ჩატაევის რუსეთისთვის გადაცემას. მათივე ინფორმაციით, რუსეთისთვის გადაცემა ჩატაევმა 2011 წელსაც აიცილა თავიდან. 2011 წელს ჩატაევი ბულგარეთი-თურქეთის საზღვარზე დააკავეს, თუმცა მან დაკავება გაასაჩივრა და სასამართლომ ის ჟენევის ლტოლვილთა კონვენციის საფუძველზე გაათავისუფლა.

2012 წელს ახმედ ჩატაევი ლაფანყურში დააკავეს. მან სპეცოპერაციის დროს დაზიანებები მიიღო, რის გამოც, ჰოსპიტალში მარცხენა ფეხი მოკვეთეს.

გათავისუფლების და საქართველოს დატოვების შემდეგ, ახმედ ჩატაევი ISIS-ის მებრძოლებს შეუერთდა. ის, 2015 წლის აგვისტოში აშშ-მა გლობალური ტერორისტების სიაში შეიყვანა, რადგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩატაევი ISIS-ის მებრძოლებს წვრთნიდა. იგი „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ ქვედანაყოფის ხელმძღვანელობდა. კერძოდ, რუსულენოვან „იარმუკის ბატალიონს.“ ამ შენაერთში ჩრდილო-კავკასიელი მოხალისეები იბრძვიან, ძირითადად, ჩეჩნები, თუმცა მათ შორის არიან დაღესტნიდან და საქართველოდან წასული ახალგაზრდებიც. პანკისიდან ISIS-ის სასარგებლოდ სირიასა და ერაყში საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე წავიდა, მათგან 30-მდე - დაიღუპა.

კომენტარები