Human Rights Watch-ის ანგარიში

HRW: შეშფოთებას იწვევდა მდგომარეობა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კუთხით

Jeffrey Coolidge / Getty

Human Rights Watch-ის ანგარიშის მიხედვით, რომელიც ადამიანის უფლებების კუთხით 2017 წელს არსებულ მდგომარეობას ეხება. ორგანიზაცია პრობლემად მიიჩნევს ფარული თვალთვალის და მიყურადების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში ახალი სააგენტოს შექმნას ითვალისწინებდა. 

"მარტში პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილება კანონში ფარული თვალთვალის და მიყურადების შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა ახალი სააგენტოს შექმნას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში. 2016 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონმდებლობა, რომლითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს პირდაპირი და შეუზღუდავი ტექნიკური წვდომა ჰქონდა სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ქსელებთან კომუნიკაციის მონიტორინგისათვის. სასამართლომ დაადგინა, რომ ეს სისტემა დიდი ოდენობით პირადი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების შესაძლებლობას იძლეოდა ეფექტიანი კონტროლის გარეშე და მოითხოვა ფარული თვალთვალისა და მიყურადების დამოუკიდებელი ზედამხედველობა. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, პრეზიდენტის და სახალხო დამცველის მხარდაჭერით, ახალი კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა; ისინი ამტკიცებენ, რომ კანონი არ უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვას, რადგან ახალი სააგენტოს დამოუკიდებლობის ხარისხი არ არის სათანადო", - ნათქვამია Human Rights Watch-ის ანგარიშში. 

Human Rights Watch-ის 2017 წლის ანგარიში საქართველოს მიმართ კრიტიკულია. დოკუმენტის პირველივე აბზაცში ნათქვამია, რომ მმართველმა ქართული ოცნების მთავრობამ 2017 წელს საკონსტიტუციო რეფორმები განახორციელა მიზნით, დასრულებულიყო საქართველოს საპარლამენტო სისტემად გარდაქმნა. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ რეფორმა ფართო პოლიტიკური კონსენსუსის გარეშე ჩატარდა. "ანგარიშვალდებულების ნაკლებობამ უცვლელი დატოვა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტები. საქართველო ინარჩუნებს სადამსჯელო ნარკოპოლიტიკას მომხმარებლების მიმართ. შემაშფოთებელია ვითარება სხვა სფეროებში, მათ შორის პერსონალური და შრომის უფლებების, მედიის თავისუფლების და ლგბტ ადამიანების უფლებების კუთხით". 

ანგარიშში მოხვდა აფგან მუხთარლის, ბირჟა მაფიას და რუსთავი 2-ის საქმეებიც.

კომენტარები