იმუნიზაცია

ჭიაბერაშვილი: ორ უწყებას შორის დავამ იმუნიზაციისადმი ნდობას ზიანი მიაყენა

ზურაბ ჭიაბერაშვილი
ტაბულა

"ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2016-2017 წლებში შეძენილი და გამოყენებული ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის თაობაზე სამინისტროსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის წარმოქმნილმა დავამ საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია, რის შედეგადაც მოსახლოებაში იმუნიზაციისადმი ნდობას ზიანი მიადგა"-, ამის შესახებ ევროპული საქართველოს წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განცხადა.

"აუდიტის სამსახურს აქვს კანონით მინიჭებული უფლება, შეამოწმოს სახელმწიფო პროგრამების, მათ შორის, იმუნიზაციის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების კანონიერება, თუმცა მას აღნიშნულ საკითხზე უფრო დაზუსტებული ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება მართებდა. ასევე, მიზანშეწონილი იყო, ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოება პროაქტიულად გაეფრთხილებინა და გაცილებით დამაჯერებელი დეტალური განმარტებები გაეკეთებინა. სამწუხაროდ, ორ სახელმწიფო უწყებას შორის კამათმა გუშინ საზოაგდოებაში დაბნეულობა კიდევ უფრო გააღრმავა.

დღეს უკვე აშკარაა საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის მიყენებული ზიანი, რაც ორ სახელმწიფო უწყებას შორის არასათანადო კოორდინაციამ და სრულფასოვანი კონსულტაციების არარსებობამ მოიტანა. საზოგადოების ნაწილში ისედაც არსებობს უნდობლობა ზოგადად ვაქცინების ხარისხის და ზოგჯერ აცრების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებითაც კი. გუშინდელმა აჟიოტაჟმა იმუნიზაციის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა კიდევ უფრო შეარყია, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.

მოვუწოდებთ ჯანდაცვის სამინისტროს, გააკეთოს უფრო დეტალური და დამაჯერებელი განმარტებები 2016 წელს ცოფის ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით, ასევე ჩაატაროს იმუნიზაციის პროგრამის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების ფართომასშტაბიანი კამპანია", - ამბობს ჭიაბერაშვილი.

კომენტარები