დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ჰქონდა რეკომენდაცია ცოფის კონკრეტული ვაქცინაციის ამოღებასთან დაკავშირებით და ის თვენახევარში ჩანაცვლდა.
ამირან გამყრელიძის განმარტებით, ვაქცინა ქვეყანაში 2015 წელს ყველა იმ წესის დაცვით შემოვიდა, რასაც კანონი ითვალისწინებს და მთელი წლის განმავლობაში გამოიყენებოდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ხაზს უსვამს, რომ რეპარატი იყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკვალიფიცირებული და შემოტანიდან ამოღებამდე პროცესში არც ერთი გვერდითი მოქმედება ან სერიოზული გართულება არ დაფიქსირებულა.
"2016 წლის იანვარში, როდესაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოითხოვა ამ ქარხნიდან მისი რეკვალიფიკაცია, ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ვაქცინის ამოღება დაუყოვნებლივ უნდა მომხდარიყო, როცა ეს არის სტრატეგიული დანიშნულების ვაქცინა და ქვეყნის დატოვება მის გარეშე წარმოუდგენელია. დაკბენის ყველა შემთხვევა შეიძლება ადამიანისთვის გამოდგეს სასიკვდილო. ამას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ დაუშვებდა. ამიტომ, რადგან ეს იყო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაცია და ინტერაქტიული განცხადება, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოთხოვიდან თვენახევარში უზრუნველყო ამ ვაქცინის ჩანაცვლება ახალი ვაქცინით. დაახლოებით 2016 წლის 20 მარტიდან, ქვეყანაში გამოიყენებოდა ახალი ვაქცინა. ამ ვაქცინის გამოყენების პერიოდში არც ერთი გვერდითი გართულება ან გვერდითი მოქმედება არ დაფიქსირებულა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ პირველად ბოლო 25 წლის განმავლობაში, ბოლო სამი წელია, ქვეყანაში ცოფის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დოკუმენტის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტრომ გამოიყენა 29,222 ვაქცინა, რომელთა დაუყოვნებლივი განადგურების თაობაზეც საქართველომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან (WHO) საგანგებო მითითება მიიღო. ამ ვაქცინებით აქცრა 2016-2017 წლების პერიოდში მოხდა. მეტიც, აუდიტის ინფორმაციით, აღნიშნულმა ვაქცინებმა კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციაც ვერ გაიარეს.
"შეძენილია პრეპარატი, რომელმაც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაცია ვერ გაიარა და შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლება არ ჰქონდა, მიუხედავად ამისა, ბაზარზე დაშვების უფლება მოპოვებულია კომისიის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად კომისიის მიერ ხარისხის დადასტურება ეფუძნება მინიმალურ სტანდარტებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა, რომელიც საქართველოს შემთხვევაში გაიხარჯა 29,222 დოზის ოდენობით", - წერია სახელმიწფო აუდიტის სამსახურის დოკუმენტში.
აუდიტის სამსახურში ტაბულას განუცხადეს, რომ ამ დროისთვის საქმეზე დამატებით ინფორმაციას ვერ გაავრცელებნ და მის შესახებ სრულად აუდიტის სამსახურის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გაირკვევა.
იმუნიზაციის პროგრამას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ახორციელებს, პროგრამის ბიუჯეტი 2016-2017 წლებში 32 მილიონი ლარი იყო.