იმუნიზაცია

აუდიტი: ვადასტურებთ, რომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ადასტურებს, რომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საკითხზე აუდიტის სამსახური მორიგ განცხადებას ავრცელებს. მათი განმარტებით, აუდიტორული საქმიანობის გეგმაზე თანდართული განმარტებები არ წარმოადგენს უკვე შესწავლილი ფაქტების ამსახველ დოკუმენტს. 

"განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის გამო განვმარტავთ: 

საერთაშორისო აუდიტორული პრაქტიკის შესაბამისად და გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 8 იანვარს გამოაქვეყნა 2018 წლის აუდიტორული საქმიანობის გეგმა, რომელშიც განისაზღვრა მიმდინარე წლის აუდიტორული საქმიანობის პრიორიტეტები. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აუდიტორული საქმიანობის გეგმაზე თანდართული განმარტებები არ წარმოადგენს უკვე შესწავლილი ფაქტების ამსახველ დოკუმენტს. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შესასწავლი საკითხების შერჩევის პროცესში გაითვალისწინა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი საკითხები, მედიაში გამოქვეყნებული რეზონანსული თემები, გასულ წლებში განხორციელებული აუდიტების ანგარიშები და გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანალიზი, ასევე მოქალაქეთა და სხვა დაინტერესებულ პირთა მომართვები. 

იმუნიზაციის პროგრამის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მომართვის საფუძველზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, სამინისტროს სამუშაო ჯგუფთან ერთად, დაჩქარებულ რეჟიმში შეისწავლა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხი. 

სამინისტროს მიერ წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებების და არგუმენტების საფუძველზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ადასტურებს, რომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა“, - ნათქვამია აუდიტის სამსახურის განცხადებაში.

17 იანვარს, აუდიტის სამსახურის დოკუმენტში ეწერა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ 29,222 ისეთი ვაქცინა გამოიყენა, რომელთა დაუყოვნებლივი განადგურების თაობაზეც საქართველოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან საგანგებო მითითება ჰქონდა მიღებული. აუდიტის ინფორმაციით, აღნიშნულმა ვაქცინებმა კანონით დადგენილი წესით რეგისტრაცია ვერ გაიარეს. ამ ვაქცინებით აქცრა 2016-2017 წლების პერიოდში მოხდა.

მოგვიანებით, ჯანდაცვის სამინსიტროში გამართულ ბრიფინზე გაირკვა, რომ საუბარია ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინებზე. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ეს ვაქცინები ქვეყანაში 2015 წელს კანონით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით შემოვიდა და მთელი წლის განმავლობაში გამოიყენებოდა. ვაქცინები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის მიღებიდან თვენახევარში ჩანაცვლდა. ვაქცინის უსაფრთხოებაზე საუბრისას დაავადებათა კონტროლის ცენტრს არგუმენტად ის მოჰყავს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში ადამიანის ცოფით დაავადების შემთხვევა არ გამოვლენილა.

ამის შემდეგ, აუდიტის სამსახურმა განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ "ეჭვქვეშ არ ვაყენებთ იმუნიზაციის პროგრამას, მათ შორის ცოფის ვაქცინის ნაწილში".

კომენტარები