იმუნიზაცია

იმნაძე: 1 თვე ცოფის ვაქცინის გარეშე ვერ დავტოვებდით ადამიანებს, ათასობით გადარჩა

პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის მტკიცებით, ცოფის ვაქცინამ, რომელსაც აუდიტის სამსახური ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველს უწოდებს, საქართველოში ათასობით ადამიანი გადაარჩინა. მისივე თქმით, აუდიტის სამსახურმა არასწორი ინტერპრეტაცია გააკეთა.

"ვაქცინას არც ერთი გვერდითი მოვლენა არ ჰქონია. ასე რომ ვაქცინის ხარისხზე ლაპარაკი კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნია. ნახევარი მსოფლიო იცრება ვაქცინით, რომელსაც არ აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია. უბრალოდ, ჩვენ პრეკვალიფიკაციას ვაძლევთ ყოველთვის უპირატესობას, რადგან ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ უმაღლესი ხარისხის გარანტია. ჩვენ უბრალოდ, ერთი თვე ვაქცინის გარეშე ვერ დავტოვებდით ადამიანებს, იმიტომ რომ მოკვდებოდა ადამიანი თუ ცოფის ვაქცინას არ გაუკეთებდი. სანამ ახალი არ შემოვიტანეთ, ეს ვაქცინა გავაგრძელეთ და უმოკლეს ხანში შემოვიტანეთ ახალი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძველი ვაქცინა არ ვარგოდა" - ამბობს იმნაძე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მტკიცებით, ჯანდაცვის სამინისტრომ გამოიყენა 29,222 ვაქცინა, რომელთა დაუყოვნებლივი განადგურების თაობაზეც საქართველომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან (WHO) საგანგებო მითითება მიიღო. ამ ვაქცინებით აქცრა 2016-2017 წლების პერიოდში მოხდა. მეტიც, აუდიტის ინფორმაციით, აღნიშნულმა ვაქცინებმა კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციაც ვერ გაიარეს.

"შეძენილია პრეპარატი, რომელმაც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაცია ვერ გაიარა და შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლება არ ჰქონდა, მიუხედავად ამისა, ბაზარზე დაშვების უფლება მოპოვებულია კომისიის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად კომისიის მიერ ხარისხის დადასტურება ეფუძნება მინიმალურ სტანდარტებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით, მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა, რომელიც საქართველოს შემთხვევაში გაიხარჯა 29,222 დოზის ოდენობით", - წერია სახელმიწფო აუდიტის სამსახურის დოკუმენტში.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით კი, WHO-ს რეკომენდაციიდან თვენახევარში ვაქცინა ჩანაცვლდა.

კომენტარები