NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 69%-ს არ ჰქონია ინფორმაცია საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების პროცესის შესახებ.
კითხვაზე "გასულ დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების შესამუშავებლად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შექმნა. საქართველოს პარლამენტმა 26 სექტემბერს დაამტკიცა ცვლილებები კონსტიტუციაში. იცოდით თუ არა ამ პროცესის შესახებ?" გამოკითხულთა მხოლოდ 25%-მა გასცა დადებითი პასუხი. 69%-მა თქვა, რომ არ იცოდა ამ პროცესის შესახებ, ხოლო 7%-მა პასუხის გრაფაში "არ ვიცი" მონიშნა.
2017 წლის ივნისში NDI-ის კვლევაში დაისვა კითხვა საკონსტიტუციო კომისიის მიერ 2017 წლის აპრილში კონსტიტუციის სამუშაო ვერსიის მიღების შესახებ. მაშინ მოსახლეობის 32%-მა არ იცოდა ამის შესახებ.
იმ 25%-დან, ვისაც სმენია საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, კითხვაზე "გრძნობთ, თუ არა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საკმარისი ინფორმაცია გაქვთ", 60%-მა უპასუხა, რომ არ აქვს საკმარისი ინფორმაცია. 38%-მა კითხვაზე დადებითი პასუხი მონიშნა, ხოლო 3%-მა არ იცოდა, ჰქონდა თუ არა საკმარისი ინფორმაცია.
2017 წლის ივნისში NDI-ის კვლევის მიხედვით, მათგან, ვინც იცოდა პროცესის შესახებ, 39%-მა თქვა, რომ ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2017 წლის 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო.
ცდომილების ზღვარია +/-1.9%.





