აზიური ფაროსანა

მინისტრის მოადგილე: აზიური ფაროსანას აბსოლუტური მოსპობა შეუძლებელი ამოცანაა

facebook.com/nato.chichinadze

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გიორგი ხანიშვილის თქმით, აზიური ფაროსანას აბსოლუტური მოსპობა შეუძლებელია. ხანიშვილმა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა, რომ 2017 წელს, საქართველომ მავნებელ მწერთან საბრძოლველად გარკვეული გამოცდილება დააგროვა.

"აზიური ფაროსანას აბსოლუტური მოსპობა შეუძლებელი ამოცანაა. საქართველოზე ბევრად ძლიერი ტექნიკური, მატერიალური და ფერმერული მეურნეობებით აღჭურვილი ქვეყნები, სამწუხაროდ, ვერ ახერხებენ პრობლემის აღმოფხვრას. რეალურად, მისი გაკონტროლება ხდება ისეთ სივრცეში, რაც სოფლის მეურნეობისთვის იქნება შედარებით ნაკლები ზიანის მომტანი და რაღაც გარკვეულ ფარგლებში მოექცევა ეს ზიანი. ჩვენი ამოცანაც არის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ, მაგრამ თუ მივაღწიეთ იმას, რომ მაქსიმალურად შევამცირეთ ან გავანადგურეთ აზიური ფაროსანა, ეს იქნება ძალიან ახალი სიტყვა ამ რეალობაში და ეს იქნება ძალიან კარგი“ - თქვა ხანიშვილმა.

აზიური ფაროსანა მავნებელია, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან გამოჩნდა. მან 2017 წელს დასავლეთ საქართველოს მცხოვრებლებს თხილის და სიმინდის მოსავალი სრულად გაუნადგურა. დაზიანებულია ციტრუსიც. 

ფაროსანა ახლა გამოზამთრების ეტაპზე გადადის, ამისთვის თბილ ადგილებს ეძებს და საცხოვრებელ სახლებში, სარდაფებსა და სხვენში შედის. მოსახლეობამ ის კარადაში, ტანსაცმლებსა და თეთრეულში აღმოაჩინა. ფაროსანა უსიამოვნო სუნსაც გამოსცემს.

აზიურ ფაროსანას საქართველოში ბუნებრივი მტერი არ ჰყავს.

კომენტარები