კანონი მაუწყებლის შესახებ

არასამთავრობოები: მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო

არასამთავრობო ორგანიზაციები

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს არ დაძლიოს პრეზიდენტის მიერ მაუწყებლობის შესახებ კანონზე დადებული ვეტო და კანონში ცვლილებები იმ ფორმით მიიღოს, რომ ზიანი არ მიადგეს მედიაგარემოს. 

"ხელმომწერი ორგანიზაციები მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ვეტო დაადოს “მაუწყებლობის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებელისთვის გაუმჭვირვალე შესყიდვების პროცედურებს, კომერციული რეკლამისა თუ სპონსორობის განთავსების დროის გაზრდას და სხვა პრობლემატურ საკითხებს. წარმოდგენილი კანონი მნიშვნელოვნად ზრდის საზოგადოებრივ მაუწყებელში გაუმჭვირვალობისა და კორუფციის რისკებს.  ასევე, დააზარალებს კერძო მაუწყებელებს და ზოგადად ქართულ მედიაგარემოს. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო. გაითვალისწინოს პრეზიდენტის, დარგობრივი ეკონომიკის კომიტიტეტის წევრების, კერძო მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარმოდგენილი დასაბუთებული არგუმენტები და ამის საფუძლველზე კანონში ცვლილებები იმ ფორმით მიიღოს, რომ ზიანი არ მიადგეს მედიაგარემოს და შესაბამისობაში იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეასთან." - წერია არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

განცხადებას ხელს 35 არასამტავრობო ორგანიზაცია აწერს.

მაუწყებლის შესახებ კანონს გიორგი მარგველაშვილმა ვეტო გუშინ დაადო

საკანონმდებლო ცვლილებები საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის განთავსების უფლებას გულისხმობს. 

დღეს მოქმედი კანონმდებლობით (მაუწყებლის შესახებ კანონი, 64-ე მუხლი), საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის განთავსების უფლება მხოლოდ "სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს აქვს. ამ შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს, ხოლო ყოველ საათში – 6 წუთს". 

საკანონმდებლო ცვლილებით, ამ მუხლს დაემატება პუნქტი, რომლის თანახმადაც დასაშვები გახდება გასართობი გადაცემებისა და სერიალების სპონსორობა. 

65-ე მუხლში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით კი, მცირდება სოციალური რეკლამისთვის განკუთვნილი დრო. საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორები მმართველი გუნდის წევრები არიან. 

საკანონმდებლო ცვლილებებს კერძო ტელეკომპანიების წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან და თვლიან, რომ ის მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს სარეკლამო ბაზარზე და კერძო მაუწყებლების ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. კანონპროექტზე ვეტოს დადება მათ პრეზიდენტს თავადაც სთხოვეს. 

კომენტარები