აფგან მუხთარლი

კაპანაძე: ზიანი, რომელიც საქართველოს მუხთარლის საქმის გამო მიადგა, ღრმავდება

პარლამენტი

ევროპული საქართველოს შეფასებით, საერთაშორისო ზიანი, რომელიც მუხთარლის საქმიდან გამომდინარე საქართველოს მიადგა, უფრო და უფრო ღრმავდება. პარტიის წევრი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ გამოსავალი პარლამენტის შიგნით საგამოძიები კომიტეტის შექმნა და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებაა. 

"ჩვენ ვნახეთ განცხადებები, რომელიც ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა ევროკავშირმა და აშშ-მ გააკეთეს. აქედან სწორი გამოსავალი ახლა არის ის, რასაც ევროპული საქართველო ბოლო თვეებია მთავრობას სთავაზობს - საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტის შიგნით, გამჭვირვალე გამოძიების წარმოება, რომელსაც ექნება ყველანაირი ლეგიტიმაცია რომ დადოს სწორი დასკვნები და რა თქმა უნდა ამის შედეგი უნდა იყოს კონკრეტული პიროვნებების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. ეს არის ერთადერთი სწორი გამოსავალი. მთავრობის დამოკიდებულება, რომ მიჩქმალოს ეს თემა თითქოს არაფერი მომხდარა იქნება უეფექტო. ეს არის ძალიან რეზონანსული საქმე. გაჩუმებით და არაფრის კეთებით ეს საქმე არ მოგვარდება", - თქვა სერგი კაპანაძემ.

აფგან მუხთარლის საქმეზე განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2 დღის წინ გააკეთა და აზერბაიჯანის მთავრობას ჟურნალისტის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ევროკავშირმა კი თქვა, რომ აუცილებელია მუხთარლის საქართველოდან სავარაუდოდ გატაცების საქმის სამართლიანი და გამჭვირვალე გამოძიება.

აზერბაიჯანის სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა, 29 მაისს თბილისიდან გაიტაცეს. მეორე დღეს გაირკვა, რომ ის ბაქოში დაკავებული ჰყავდათ. თუმცა მისი პასპორტი თბილისში მის ცოლს ჰქონდა. მუხთარლის აზერბაიჯანულმა პოლიციამ ბრალი 3 მუხლით წარუდგინა: სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის მუხლებით. მუხთარლი დაკავების დღიდან აცხადებს, რომ ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს. 

აფგან მუხთარლის და ლეილა მუსტაფაევას საქმეს საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოც განიხილავს. სასამართლომ საქმეს პრიორიტეტიც მიანიჭა. 

კომენტარები