აფგან მუხთარლი

საქართველოდან გატაცებულმა აფგან მუხთარლიმ ბაქოს ციხეში შიმშილობა დაიწყო

აფგან მუხთარლი
Azadliq.org

საქართველოდან გატაცებულმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ ციხეში შიმშილობა დაიწყო. ინფორმაციას მისი ცოლი, ლეილა მუსტაფაევა, სოციალურ ქსელში ავრცელებს.  

როგორც მუსტაფაევა ამბობს, მუხთარლის დიაბეტი აქვს, ამიტომ შიმშილობის გამო მისი კომაში ჩავარდნის რისკი მაღალია.    

მისივე ინფორმაციით, მუხთარლი სამარტოო საკანში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი უარესდება.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ჯანმრთელობაზე მუსტაფაევა პასუხისმგებლობას საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობას აკისრებს.  

"ორივე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობა პასუხისმგებელია იქნება, თუ ის გარდაიცვლება. იმიტომ, რომ ის გაიტაცეს და არალეგალურად გადააგზავნეს აზერბაიჯანში საქართველოს მთავრობის პირთა მითითებით,"-წერს ლეილა მუსტაფაევა. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტმა და აქტივისტმა, აფგან მუხთარლიმ, რომელსაც აზერბაიჯანის ხელისუფლებას აკრიტიკებდა და ამის გამო მას ქვეყანაში დევნიდნენ, ცოლთან ერთად საქართველოს 2015 წელს შეაფარა თავი. ის 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა, 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს გაირკვა, რომ ის ბაქოში დაკავებული ჰყავდათ. თუმცა მისი პასპორტი თბილისში მის ცოლს ჰქონდა. მოგვიანებით ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს.

აფგან მუხთარლის ბრალად სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდის გადატანა ედება. ჟურნალისტს აზერბაიჯანში 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მანამდე კი, ზაქათალაში გარდაცვლილები იპოვეს მუხთარლის და, დისშვილი და ძმისშვილი. მათ ორმოცზე დასასწრებად ჟურნალისტი ორი დღით გაათავისუფლეს, რა დროსაც მან რუსთავი 2-ს მისცა ინტერვიუ და თქვა, რომ საქართველოდან ის კრიმინალურმა პოლიციამ გაიტაცა და მათ უფლება საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მისცა.

კომენტარები