თავშესაფრის მაძიებლები

IDFI: საქართველოში თავშესაფრის მინიჭებაზე უარის პროცედურები გამჭვირვალე არ არის

IDFI

IDFI-ის განცხადებით, საქართველოში თავშესაფრის მინიჭებაზე უარის თქმის პროცედურები გამჭვირვალე არ არის და ამის მიზეზი საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებია.

ორგანიზაციის განმარტებით, კანონმდებლობის და სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, სახელმწიფოს შეუძლია თავშესაფრის მაძიებელს ლტოლვილისა ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრას იმ საფუძვლით, რომ იგი საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ წესრიგს. უარის თქმის შემდეგაც, თავშესაფრის მაძიებელს არ აქვს არანაირი ინფორმაცია, კონკრეტულად რაზე დაყრდნობით მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

"ასეთ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებსა და განჩინებებში მითითებული არ არის უარის კონკრეტული დეტალები, დასახელებული არ არის თავშესაფრის მაძიებლებისათვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის ზოგადი საფუძვლებიც კი, მათ შორის ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირი ან სხვა", - აცხადებენ ინორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში.

IDFI-ის კვლევის შედეგად ორი პრობლემა გამოიკვეთა:

  1. ინფორმაცის არ არსებობის გამო თავშესაფრის მაძიებლები ვერ სარგებლობენ დაცვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებით, რაც წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებთან;
  2. იმის გამო, რომ უარყოფითი გადაწვეტილების მიზეზი დასახელებული არ არის სასამართლოს გადაწყვეტილებებსა და განჩინებებში, ეს დოკუმენტები, როგორც საჯარო ინფორმაცია, საზოგადოებისათვის ფაქტობრივად მიუწვდომელია, რაც საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ ინფორმაციის საჯაროობის პრინციპს ეწინააღმდეგება.

IDFI-მ თავშესაფრის მაძიებელთა შესახებ ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან გამოითხოვა. სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის 1-ლი იანვრიდან 2017 წლის 9 ოქტომბრამდე პერიოდში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარი 95 პირს ეთქვა. ამის მიზეზი ყველა შემთხვევაში იყო ის, რომ არსებობდა ვარაუდის საფუძველი, რომლის მიხედვით, განმცხადებელი სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ წესრიგს საფრთხეს შეუქმნიდა.

გარდა ამისა, ორგანიზაციამ თბილისის სააპელაციო სასამართლოდან გამოითხოვა იმ გადაწყვეტილებებისა და განჩინებების ასლები, სადაც სახელმწიფოს უსაფრთხოების საფუძვლით თავშესაფრის მინიჭებაზე უარი იყო სადავო.

IDFI-მ 2017 წლის 1-ლი იანვრიდან 2017 წლის 1-ლ სექტემბრამდე პერიოდში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები და განჩინებები, ასევე, ლტოლვილთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემები შეისწავლა. შედეგად, ორგანიზაცია აცხადებს, რომ "მაჩვენებლები ეჭვს ბადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სამინისტრო შესაძლოა საკანონმდებლო ხარვეზს თავშესაფრის მაძიებლებისათვის თავშესაფარზე უარის თქმისათვის იყენებდნენ".

"კერძოდ, 2017 წლის 1-ლი იანვრიდან 2017 წლის 9 ოქტომბრამდე პერიოდში 95 თავშესაფრის მაძიებელს თავშესაფარზე უარი სახელმწიფო უსაფრთხოების საფუძვლით ეთქვა, რაც ერთი წლის კვალობაზე ძალიან დიდი რიცხვია. აღნიშნულს ამძაფრებს ის გარემოებაც, რომ, სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, სამინისტროს მიერ დარეგისტრირებული თავშესაფრის მაძიებლების მხოლოდ მცირე ნაწილი იღებს ლტოლვილის ან ჰუმანიტარულ სტატუსს", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.


ფოტო: IDFI
გარდა ამისა, IDFI-ში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის, სომხეთისა და განსაკუთრებით თურქეთის მოქალაქე თავშესაფრის მაძიებლები ლტოლვილთა სამინისტროს მხრიდან თითქმის არცერთ შემთხვევაში არ იღებენ ლტოლვილის ან ჰუმანიტარულ სტატუსს. 2012-2017(VI) წლების სტატისტიკის თანახმად, ამ ქვეყნების მოქალაქე ჯამში 5 თავშესაფრის მაძიებელს მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი.


ფოტო: IDFI

ორგანიზაციაში საუბრობენ მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზეც და მიიჩნევენ, რომ თავშესაფრის მინიჭების პროცედურების პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად გამოყენების რეალური რისკი არსებობს.

"სამინისტრო დაეთანხმა იმ ფაქტს, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი იმსახურებდა ლტოლვილის სტატუსს და შესაძლოა გამხდარიყო დევნის მსხვერპლი, თუმცა, მიუხედავად ამისა, სამინისტრომ მას სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. სამინისტროს მთავარი არგუმენტს წარმოადგენდა მუსტაფა ემრე ჩაბუქის სავარაუდო კავშირი ფეთულა გიულენის ორგანიზაციასთან, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული. სამინისტროს არ შეუფასებია დეტალები, თუ როგორ პირობებში მოუწევდა მუსტაფა ემრე ჩაბუქსყოფნა, თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში და სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ინტერესი ავტომატურად ლტოლვილის სტატუსზე უარის თქმის საფუძვლად მიიჩნია. აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების საფუძველი ფაქტობრივად მხოლოდ თურქეთის სახელმწიფოს მხრიდან ჩაბუქის ექსტრადირების მოთხოვნასა (კავშირი გიულენის ორგანიზაციასთან - ე.წ. "გიულენის მოძრაობასთან") და ამ მოთხოვნის საფუძველს ემყარებოდა.

სამინისტროს არ გაუთვალისწინებია თურქეთის ციხეში არსებული ვითარება, რომელზეც არაერთი წყარო მიუთითებს, მათ შორის ევროპული კომისია, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო და სხვ., რომ თურქეთის ციხეებში, იქ არსებული ზოგადი ვითარებისა და კონკრეტული ფაქტების გათვალისწინებით, ადამიანები შესაძლოა წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას დაექვემდებარონ. ასევე აღსანიშნავია ევროპის ქვეყნების პრაქტიკა, რომლებმაც, გიულენის ორგანიზაციის წევრების გადაცემის მოთხოვნის მიუხედავად, ეს პირები თურქეთისათვის არ გადაუციათ.

აღნიშნული საქმისა და ახლოსაზღვარგარეთის ქვეყნების მოქალაქე თავშესაფრის მაძიებლებისათვის თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული სტატისტიკის ანალიზი უჩვენებს, რომ თავშესაფრის მინიჭების პროცედურების პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად გამოყენების რეალური რისკი არსებობს", - აცხადებენ IDFI-ში.

ორგანიზაცია სახელმწიფოს შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს:

  • თავშესაფრის მაძიებლებსა და მათი დაცვის განმახორციელებელ პირებს უნდა ჰქონდეთ წვდომა სახელმწიფო საიდუმლოებად მოაზრებულ იმ ინფორმაციაზე, რომელიც თავშესაფრის მაძიებლების მიმართ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებებს უდევს საფუძვლად;
  • უნდა დაბალანსდეს ინფორმაციის საჯაროობისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესები.

კომენტარები